ეს შენც შეგეხება
12 დეკემბერი, 2015
1576
print

მოსამართლე ჩხიკვაძის ავარია, მოსამართლე ურთმელიძის დედის ნაჯახი...

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, საზოგადოებას, ამ ამბებთან თითქოს საერთო არაფერი გვაქვს, მაინც ისე გამოდის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაზე აისახება და სურათიც ასეთია: ჩვენ ყველა ავარიაში მოვყევით და თან, ყოველი შემთხვევსთვის, გვერდით ნაჯახი გვედო. ამის შემდეგ, იწყება ჟანრის კლასიკა სათაურით: ხელი ხელს ბანს. ამას მოჰყვება დაკვეთა, რაზეც უარის თქმა ჯერ კიდევ შეიძლება, შემდეგ უკვე შეკვეთა, ისე როგორც მკერავს, ოფიციანტს, ან პიცის დამტარებელს. ამიტომაც, სიმბოლურია ჩხიკვაძის კისერზე შებმული სამაგრი, რომელიც სამედიცინო დანიშნულების კია, მაგრამ მისი გადაწყვეტილების ფონზე, სულ სხვა ასოციაციას იწვევს.

წლების წინ არსებული პატარა ჩრდილი, უზარმაზარ აჩრდილად გადაიქცა და თავზე წამოგვადგა. შეილახა მოსამართლის რეპუტაცია, შეილახა სასამართლოს რეპუტაცია, შეილახა და საერთოდ გაქრა ქვეყნის რეპუტაცია.

კიდევ რა იმალება ამ პომპეზურ შენობაში?

შვილის, მუღლის, ნათესავის, მეგობრის თუ თავად მოსამართლის პრობლემები. რეპუტაციის გარეშე ეს შენობა შენობაა და მეტი არაფერი, წესების დაცვა კი მხოლოდ დრამატურგიის ნაწილი.

თქვენო ღირსებავ...

ბატონო მოსამართლევ...

სიჩუმე, ხალხმრავლობა, ტრენინგებგავლილი მანდატურები და შეჯიბრებითობის პრინციპი, ანუ სირბილი, სადაც გამარჯვებული თავიდანვე ცნობილია. ამაშიც ვემსგავსებით რუსეთს, სადაც არც პირველი, არც მეორე, არც ოცდამეათე ინსტანციის სასამართლო არ არსებობს. მალე ჩვენი მოსამართლეების გადაკეთებულ გვარებსაც მოვესწრებით.

ჩხიკვაძეს აქაც გაუმართლა და ისევ ჩხიკვაძედ დარჩება.

ურთმელიძე ურთმელოვი გახდება.

შეკვეთები გაგრძელდება.

რა რჩება ადამიანს, რომელსაც სამართლიანობის იმედი დაეკარგა? კითხვებზე პასუხები ქუჩაში ეძებოს, "ავტორიტეტებთან," იმ ხალხთან, ვინც ასევე იჩემებს ობიექტურობას და საკუთარ რეპუტაციას ყველაზე მაღლა აყენებენ, ან „შუამავალი“ მონახოს.

ამის იქით არაფერია.

ასეთი ქვეყნის ბოლო მხოლოდ უფსკრულია.

ამგვარი საზოგადოების დასასრული გარდაუვალია.

რაღაც დალპა დანიის სამეფოში...

საეჭვოა ამ ორიდან რომელიმემ იცოდეს რაზეა საუბარი, არადა წესით, უნდა იცოდნენ, რადგან ეს ძველი ამბავიც დანაშაულს ეხება.

 

 

მამუკა ხერხეულიძე