გიგი უგულავას ბლოგი
01 თებერვალი, 2016
1018
print

მიშელ უელბეკის კულინარიული რეცეპტი, სახელად "მორჩილება"

 თანამედროვე ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის ბოლო რომანი "მორჩილება", უკვე გამოიცა ქართულად. რომან-უტოპიის მიხედვით, 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი "მუსლიმური საძმოს" კანდიდატი ხდება, იწყება საფრანგეთის და მთელი ევროპის ისლამიზაცია, პედაგოგ ქალებს უნივერსიტეტებიდან უშვებენ, ებრაელები ისრაელში ბრუნდებიან. ეს ძალიან მოკლე შინაარსია ისტორიისა, რომელსაც დოკუმენტურად ჰყვება უნივესიტეტის საშუალო ასაკის ფილოლოგიის პროფესორი. რომანის და მისი ავტორის შესახებ 2015 წლის 7 იანვარს გამოსაცემად მომზადებული სატირული ჟურნალი "შარლი ჰებდოც" იუწყებოდა, თუმცა მაშინ ის არავის გახსენებია. ახლა კი, ევროპასმოზღვავებული მუსლიმი მიგრანტებისა და პარიზის განმეორებითი ტერაქტების ფონზე, რომანის შინაარსის აქტუალიზაციას - როგორც ყველაფერს ზედმეტად გააქტუალურებულს ანუ გაპაპსებულს - ინტელექტუალური ნიჰილიზმიც მოჰყვა. სავარაუდოდ, ქართველი მკითხველისგან ამ უკიდურესობებს რომანის ქართული ვერსიაც წააწყდება.

რადგან ბლოგის მიძღვნა გადავწყვიტე, ცხადია, რომანის წაკითხვასაც გირჩევთ. არა ისლამოფობიის გასაღვივებლად, არც პოლიტიკური ისლამის საფრთხეებზე ყურადღების გამახვილების მიზნით, არა. ჩემი აზრით, ევროპის ისლამიზაცია ავტორის მიერ შექმნილი მეტაფორაა, რომ მკითხველმა ევროპის ვიტალური პრობლემა კონტრადიქციაში უფრო მწვავედ აღიქვას. პირიქით, თუ რომანს ყურადრებით წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისლამი და მუსლიმი პრეზიდენტი ევროპის იძულებითი გამოსავალია და სწორედ ამიტომ, ნებით ევროპელი ფრანსუა, ყოველგვარი რელიგიური აღტკინების გარეშე, "ემორჩილება" ისლამს. რაც არ უნდა პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, ისლამი ინარჩუნებს საერთო ევროპის იდეას, მეტიც, ევროკავშირის გადარჩენის საფუძველი ხდება. აქვე ჩნდება ალუზიები რომის იმპერიასთან, როგორც ევროკავშირის პროტოტიპთან, როცა საფრანგეთის პრეზიდენტ ბენ აბესს ადარებენ ავგუსტუსს. საქმე ისაა, რომ "მუსლიმური საძმო" (რომელიც რომანში მხოლოდ სახელწოდებით ჰგავს მის დღევანდელ ანალოგს. ის სრულად პოლიტიკური პარტიაა, ყოველგვარი ექსტრემისტული მინარევების გარეშე) პირველ ტურში იღებს 22.9%-ს, სოციალისტები (დღევანდელი მმართველი პარტია) - 22.8%-ს, UMP (დღეს სარკოზის "რესპუბლიკური" პარტია) -12.5%-ს, ხოლო პირველ ადგილს მარინ ლე პენი (ნაციონალური ფრონტი) 34.5%-ით იკავებს. მესამე მეოთხე ადგილზე გასული ე.წ. "ისტებლიშმენტის პარტიები" კოალიციას აფორმებენ "მუსლიმურ საძმოსთან", მეორე ტურში მხარს უჭერენ ბენ აბესს და ამარცხებენ მარინ ლე პენს. ყველაფერი თითქოს ლიბერალური დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციების დაცვით ხდება. კი, ბატონო, ევროპითვის უცხო, ძალადობის ფონზე მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა, ჩვენთვის დიდი არაფერი - რამდენიმე გასროლა, ბენზინგასამართი სადგურების დაყაჩაღება, უსაფრთხოებისთვის ჯარის გამოყვანა - ჩვენთანაც კი პროცედურული დემოკრატიის საზღვრებში ჯდება.

რომ შევაჯამოთ, სახეზეა ტრადიციული პარტიების კრიზისი. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მემარჯვენე-მემარცხენე-ცენტრისტული დაპირისპირება გადადის აბსოლუტურად სხვა - ეგზისტენციალურ - სიბრტყეში: ერთი მხრივ, აქამდე მარგინალური ულტრა მემარჯვენე, ფაშისტური პარტია და მეორე მხრივ, "მუსლიმური საძმო" -ევროპული პროექტის გადამრჩენი. ანუ უელბეკის უტოპიის მიხედვით, ევროპული, ეგზისტენციალური არჩევანი დაიყვანება ნაციონალიზმსა და "ევრაბიას" შორის არჩევანში. ნაციონალისტური პარტიების აღმავლობა სულაც არ არის უტოპია. მათი მომძლავრება დღეს უკვე შეინიშნება და ამის მიზეზი არ არის მხოლოდ კრემლის მიერ გულუხვი დაფინანსება. მემარჯვენე-მემარცხენე დაპირისპირების პარადიგმა სულ უფრო უინტერესო ხდება, რადგანაც ორივე ფლანგი ცენტრისკენ მოიზიდა. კლასობრივი დაპირისპირების თეორიამაც დრო მოჭამა. გლობალური, მომხმარებელზე და სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკის პირობებში, პროფკავშირული გაერთიანებები სულ უფრო მეტად ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ, პარაზიტულ ერთეულებად ჩამოყალიბდა (უელბეკის მუსლიმი პრეზიდენტიც კი არაა მათ მიმართ კეთილანწყობილი). ამასთანავე, სრულიად გასაგებია, რატომ ხდება ნაციონალიზმის აღმავლობა - ევროკავშირი ეროვნული სახელმწიფოების მხრიდან სულ უფრო მეტი სუვერენული უფლებების დელეგირებას გულისხმობს ბრუსელის სასარგებლოდ. რაც დრო გავა, ეს პროცესი სულ უფრო მეტ აჩქარებას შეიძენს. ის სულ უფრო მეტი სფეროს გლობალიზებას მოითხოვს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. შესაბამისად, დროთა განმალობაში, ევროპის ქვეყნებში, სავსებით ლოგიკურია, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი ხაზი სწორედ ასე გაივლოს. რაც უფრო მძლავრი იქნება ცენტრიდანული მოძრაობა, შესაბამისად, გაძლიერდება საპირისპირო ვექტორიც. ამასთანავე, ევროკავშირის პროექტს ამ კუთხით აქვს ერთი ბუნდოვანება. როგორია ევროკავშირის, როგორც სტრუქტურის, ბოლო გაჩერება?

არც ერთი სისტემა, ღირებულებითი თვალსაზრისით, ისეთი ჩამოყალიბებული არ არის, როგორც ევროპული ღირებულებათა სისტემა. ამ კუთხით ყველაფერი ცხადია (უელბეკის მოსაზრებების შესახებ ქვემოთ). მაგრამ ევროკავშირი, როგორც სახელმწიფოებრივი თუ ზესახელმწიფო სტრუქტურა, უფრო მიმდინარე პროცესია, ვიდრე დასრულებული სახის მქონე სუბიექტი. მეტიც, დასრულებული სახით მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენები არსებობს. ჩამოყალიბდება ის ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს სტრუქტურულ ერთეულად? კიდევ რა ქვეყნები და რეგიონები შეემატება მას? მისი უსაფრთხოების სიმძიმის ცენტრი სულ ატლანტიკის გადაღმა იქნება გატანილი, თუ ის სამომავლოდ საკუთარ უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს? სად დამთავრდება საერთო ევროპულ სტრუქტურებზე ეროვნული სუვერენული ფუნქციების დელეგირება? - ვესტფალიური სისტემიდან აღმოცენებული ევროპისთვის ეს სულ უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი იქნება. ამ კუთხით უელბეკი უფრო ევროსკეპტიკოსია - ევროპასთან ერთად შესაძლო ყოფნის ერთადერთ ფორმად რომის იმპერია მიაჩნია. სწორედ ამიტომ მისი რომანის გმირი - საფრანგეთის მუსლიმი პრეზიდენტი აქტიური მედროშეა თურქეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების (სხვათა შორის, ევრიპის ასეთი გაფართოება ჩვენს უეჭველ გაწევრიანებასაც მოიცავდა :) ).

მოკლედ რომ შევაჯამოთ: მიშელ უელბეკის რომანის, "მორჩილება", მთავარი ხაზი, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, ერთი შეხედვით, ასე სჩანს, სულაც არაა ისლამის საფრთხეების წარმოჩენა. უელბეკს თავისი გამონათქვამის გამო - ისლამი ბრიყვული რელიგიაა - 2002 წელს სასამართლოც კი ჰქონდა, რომელიც მოიგო. ამასთანავე, 2015 წლის გადმოსახედიდან, მისთვის ულტრა მემარჯვენე ფაშიზმი რჩება უფრო დიდ პრობლემად. უფრო ზუსტად კი, მთავარი საკითხი არის სწრაფი და ექსტრემალური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები. მივდივართ თუ არა გარდაუვლად ასეთი უკიდურესობებისკენ? შეძლებს ადამიანი ამ მძაფრი და სწრაფი დაპირისპირების ველში თავის გადარჩენას? - უფრო ეს კითხვები აწუხებს ფრანსუას. საბოლოო ჯამში ხომ, თუ "მუსლიმური საძმო" არ გაიმარჯვებდა, იმარჯვებს "ეროვნული ფრონტი" - მეორე ექსტრემალური პოლუსი, რომელიც, თავის მხრივ, სხვა მიმართულებით გადააკეთებს საფრანგეთსა და ევროპას.

და, აი, აქ მივედით მიშელ უელბეკის მთავარ საკითხთან - სამყაროში მარტოდარჩენილ "ევროპელ ადამიანთან". არც ერთ თანამედროვე მწერალს ასე არ აწუხებს "ევროპელი ადამიანის"' პრობლემა. მისი ყველა გმირი (“ელემენტარული ნაწილაკები”, “პლატფორმა”, “კუნძულის განვრცობა”, “რუკა და ტერირორია”, „მორჩილება“) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული ევროპელია.

"ალბათ, არ არსებობს მიზეზი მეფიქრა, რომ დარდს, ავადმყოფობას ან ტანჯვას თავს დავაღწევდი, მაგრამ აქამდე მუდამ იმედი მქონდა - ქვეყნიერებას ზღვარგადასული ძალადობის ხილვის გარეშე დავტოვებდი," - ამას რომანის მთავარი გმირი და მთხრობელი, 44 წლის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანსუა ამბობს. ამ სიტყვებში თავმოყრილია დამანგრეველი ომების შემდეგ, სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ქვეყანაში დაბადებული ადამიანის ერთგვარი ოცნება. ის სრულად გამოხატავს ევროპელი ადამიანის ცხოვრების წესს. სწავლა, ხელფასი, სოციალური უზრუნველყოფა, შაბათ-კვირა დასვენება, შვებულება, უზრუნველყოფილი პენსია და სიბერეში მოგზაურობა, პროცედურული დემოკრატია, მინიმალური კონფლიქტები და არაფერი ზღვარგადასული, რამაც, შესაძლოა, არსებული, შეჩვეული წესრიგის ნგრევა გამოიწვიოს. ამას ყველაფერს, უელბეკის ამ რომანის მიხედვით, საფრთხე ემუქრება. უელბეკის გმირებს არა ისლამის ან ფაშიზმის, არამედ მომავლის ეშინიათ. ნაწარმოების პირველივე აბზაცში ირკვევა, რომ ფრანსუამ დაიცვა დისერტაცია სათაურით -ჟორის-კარლ იუსმანსი, ანუ გვირაბიდან გამოსვლა.და შემდეგ მთელი ნაწარმოები გვირაბიდან გამოსვლის მცდელობაა, გამოსავლის ძიებაა.

რომანი უცნაურად მთავრდება. ფრანსუა თურმეობითში ჰყვება მის მიერ ისლამის მიღებას. ისე ჰყვება, თითქოს წამოიდგენს ამ პროცესს, ისე, რომ მკითხველს ბოლომდე გაურკვევლობის განცდა რჩება, მიიღო თუ არა ისლამი ფრანსუამ. მთავარი არც ეგაა. მთავარია, რომ ფრანსუა მოცემულ ვითარებაში ისლამს იღებს, რომ თავის არსებული ცხოვრებისეული წონასწორობა აღადგინოს. არც ისე უნდა გავიგოთ, თითქოს უელბეკი დასავლური საზოგადოების არსებობისათვის რელიგიას აუცილებელ წინაპირობად მოიაზებს; რომ კონცეფციამ "ღმერთი მოკვდა " დასავლეთი ჩიხში შეიყვანა - უკიდურესი ინდივიდუალიზმის პირობებში დაიკარგა მაგნიტი, რომელმაც ინდივიდი საზოგადოებად უნდა დააბრუნოს. და ამ მაგნიტის ფუნქციას ამჯერად ისლამი ასრულებს, როგორც თავის დროზე ქრისტიანობამ დაასრულა რომის იმპერია და საფუძველი დაუდო ახალი ევროპის ჩამოყალიბების გრძელ პროცესს.

უელბეკი არც რელიგიაზე, არც დასავლურ ღირებულებებზე, არც ანალურ თუ ორალურ სექსზე და არც დახვეწილ კულინაირიაზე, ცალკე აღებულზე, არ საუბრობს და არ დარდობს. არა! მთავარ საზრუნავად მაინც მომავლის შიში რჩება, რომელიც გაიძულებს ამ ღირებულებებს თუ სიამოვნებებს მისდიო ან "დაემორჩილო" მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩე.

და კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ღირს უელბეკის წაკითხვა. ნებისმიერ კულინარიულ სახელმძღვანელოს შეშურდება, ისე მიმზიდველადაა აღწერილი ფრანგული კერძები (არა მარტო ამ რომანში). უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაოს" შემდეგ, ასე თუ რამე მადას გამიღვიძებდა, არ მეგონა. შესაძლოა, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ვაჭარბებდე, თუმცა არ მგონია:).

გ. უ.

ნოემბერი, 2015.