მივიწყებული მკვლელობა
02 თებერვალი, 2016
2130
print

მამუკა ხერხეულიძე

ეროსის მკვლელობიდან 18 თვე გავიდა.

ეროსის კარგად ვიცნობდი. ვმეგობრობდით. ხუმრობით პოპულარობის ბარიგას ვეძახდი. ჩემგან არ წყინდა.

ნიუ იორკში ერთი კვირა ვცხოვრობდი ეროსისთან, მის სახლში. აწყობილ ცხოვრებაში თითქოს სადარდებელი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც აქეთ ეჭირა თვალი - მისი გატაცება ბიზნესი არ აღმოჩნდა. ჩვენს ეგზალტირებულ საუბრებს ესწრებოდა რეზო ადამია, იმ დროს საქართველოს ელჩი გაეროში. სულ ცდილობდა, დავემშვიდებინეთ. დღეს აღარც რეზო ადამიაა ცოცხალი.

მერე ბევრი რამ შეიცვალა. ეროსი თბილისში დაბრუნდა და რუსეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 2009 წლის შემდეგ აღარ მინახავს, ჩემთვის აღარ არსებობდა, რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო. ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს ჩამოვართმევდი ხელს, მაგრამ, მოგეხსენებათ, არასოდეს თქვა არასოდეს.

ბოლოს 2014 წლის გაზაფხულს, პეტრიაშვილის ქუჩაზე, კაფე „ანტრეში“ შევხვდით ერთმანეთს. დავმარხეთ ძველი წყენა და დიდხანს ვისაუბრეთ, გავიხსენეთ 1999 წლიდან მოყოლებული ბევრი ამბავი, ბევრი თანამებრძოლი, გაზეთ „24 საათის“ დაარსება, მის ოფისში კედელზე დაკიდებული წერაყინი, ოთარ ჭილაძის რომანის გამოცემა, ქართული ფოლკლორიც და, საერთოდ, ყველაფერი, რაც გვიყვარდა და გვაკავშირებდა.

2002-2003 წლებში ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, ხან - მასთან, ოფისში და ტელეფონით კი - თითქმის 24 საათიან რეჟიმში.

ვარდების რევოლუციის შემდეგ თითქოს საკუთარი თავი ამოწურა მედია მენეჯერის რანგში - თვითონ ასე თვლიდა. ბიზნესით დაინტერესდა - ამ სფეროში საქართველოში ყამირი იყო. ტელევიზიის გაყიდვა რომ ახსენა ჩემთან, სასტიკად შევეწინააღმდეგე, მას კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თან ძალიან ჯიუტი კაცი გახლდათ. ჩემი შესაძლებლობების ზღვარი მაინტერესებსო. გაყიდა ტელევიზია, მკვდარ სულებად გაფორმებული მისი მოწილე მეგობრები მილიონერებად აქცია და ამერიკაში წავიდა.

იმ დღეს კი კაფე „ანტრეში“ ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი საუბრის ლეიტმოტივი იყო რუსთვი-2, რომლის ხელში ჩაგდებასაც რუსი ოლიგარქი აუცილებლად მოინდომებდა. სანამ მე ცოცხალი ვარ, ამას ვერ შეძლებსო - გარკვევით, ხაზგასმულად ჯიუტად გაიმეორა რამდენიმეჯერ.

სანამ მე ცოცხალი ვარ.

დაცვა აიყვანე-მეთქი. დაცვა არ უნდოდა, ეთაკილებოდა. გაფორმებული იარაღის ტარება მოსულაო. მეც ვატარებდი. თუმცა, თუ თავდასხმას გადაწყვეტენ, 2-დან 5 პროცენტამდე გაქვს-მეთქი მისი გამოყენების შანსი, - დავამატე. უკვე მაგიდიდან ვდგებოდით.

ეროსი მოკლეს.

სილქნეტის მეხსიერების მქონე საზოგადოების საყურადღებოდ: ეროსის მკვლელობიდან 18 თვე გავიდა.