ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
12 მარტი, 2016
541
print

დავით დეფი - ესე ამ ყველაფერზე

„2016 როგორი საგანგებო წელია. რა უცნაურია. ამდენი ვარსკვლავი, ამდენი გენიოსი იმქვეყნად ერთად წავიდა. ღმერთი კაცობრიობას აფდეითს უკეთებს.“

ფელიქს მაქსიმილიან ტაძრელი.

2010. გარდაიცვალა რონი ჯეიმზ დიო. როკ ენ როლში მართლაც სასწაულებრივად განსხეულებული და განმღერებული იესო ქრისტე სუპერსტარი - იან გილანისა და მუსიკის წარმოუდგენლად დიდი და უბადლო წინასწარმეტყველის, პოლ მაქქარტნის ფავორიტის, მის მიერვე გენიოსად მიჩნეული უკეთილშობილესი როჯერ გლოვერის აღმოჩენა. რადგან თვითონაც ღმერთივით მღეროდა მისი სახელი რონი ჯეიმზ პადავონა სამუდამოდ შეცვალა ლათინურმა დიომ, როკ ენ როლის უნიკალურმა ინიციაციამ.

2012 წელს კი გარდაიცვალა, კლასიკური ორღანის, ჰემონდის ვირტუოზი, მწვერვალის დიდებულებით დამშვენებული, ძლევამოსილი უფალი ჯონ ლორდი. ორმა უნიკალურმა ლეგენდამ პლანეტა დატოვა.

2013 წელს ლუ რიდი ეწვია ზეცას. ნიუ იორკის ანდერგრაუნდის ჩუმმა მეფემ ანდერძად მშვენიერი დღე დატოვა. ულამაზესი სიმღერა მშვენიერი დღე. ჰო, ერთ მშვენიერ დღეს, უკეთეს სამყაროში შეხვედრის იმედი. ის სანატრელი სიმშვიდე.

2015 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა მისისიპისა და ჰადსონის მდინარეების წყლებით გარშემორტყმული, გიტარის ყოველ სიმსა და აკორდში ბიბლიური მასშტაბების განცდებისა და ისტორიის გამაცოცხლებელი, თავისუფალ ხალხთა უთავმდაბლესი მეფე ბი ბი კინგი.

ამავე 2015 წლის მიწურულს კი, დეკემბერში, წავიდა ლემი ქილმისტერი. მძიმე ხვედრით მომთაბარე დიდი ბატონი. მოხეტიალე მეკობრეთა უმამაცესი წინამძღოლი. ყველასგან მივიწყებული. თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ამაყი. თავისუფალი. მოუშინაურებელი, მაგრამ ყველასთვის უძვირფასესი და განსაკუთრებულად ახლობელი.

და დაიწყო შოკისმომგვრელი 2016 წელი. ლეგენდარული როკ ვარსკვლავების, მუსიკის გარდა, ზოგადად ორი საუკუნის კულტურაში ფენომენალური მოვლენების, გიჟებისა და გენიოსების გარდაცვალების დიდი მოულოდნელობები.

თავის დაბადების დღიდან, 8 იანვრიდან, რომელიც როკ ენ როლის უპირველესი მეფის, როკ ენ როლის საკაცობრიო გვირგვინის, ღვთაებრივი ელვისის დაბადების დღეა და უახლესი, ძალზედ უცნაური და საიდუმლოებით სავსე ალბომის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, ორ დღეში, 10 იანვარს, გარდაიცვალა ვარსკვლავეთის მისტიური შავი მეფე დევიდ ბოუი. პლანეტას დიდმა სევდამ გადაუარა. სამყარო დაცარიელდა. დრო შენელდა და შემდეგ საერთოდ გაქრა. სევდამ ყველგან შეაღწია. ადამიანები ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ. დევიდის მუსიკა ტელეარხებსა და რადიოების გარდა, ტაძრებსა და ქუჩებში ისმოდა. მსოფლიოს დედაქალაქებში, შენობების კედლებზე იხატებოდა მისი სახება და მოედნებსა და ბაღებში, მომლოცველების, ამ მართლაც ყველა თაობიდან ამონათებული მგრძნობიარე სულების, დევიდის ვარსკვლავით სხივებათრთოლვილი პილიგრიმების დინება, დღე და ღამე ერთვოდა თავად დედამიწის ბრუნვას.

მისი გარდაცვალებიდან ასევე რამდენიმე დღეში, ასეთივე მისტიური ჯადოქარი, უილიამ შექსპირისა და ჯოან როულინგის უსიერი ტყეების საშიში ჩრდილი, ბრიტანული არისტოკრატიის კეთილშობილება ალან რიქმანი გარდაიცვალა. ლონდონის სცენაზე, სიჩუმის მტვერი, დიდი შუაღამის იდუმალებით მოინუსხა. ამავე დროს, ასეთივე მხეცი ფრენკ ფაინლი, აუხსნელი და გამაოგნებელი მოვლენა, ასევე ულიამ შექსპირის გმირთა ცოცხალი სცენური რეინკარნაცია ეწვია მიღმა სამყაროს და იმავე დროს, იმავე დღეებში, იანვარში გარდაიცვალნენ: თინ ლიზის, დიოსა და რეინბოუს გიტარისტი, ბასისტი და კომპოზიტორი, სქოტლანდიელი მთიელი ჯიმი ბეინი. თავისუფლებისთვის, ზეცისა და მთლიანად სამყაროს კიდეებზე ფრენისთვის დაბადებული, ამერიკელ თეთრთავიან არწივთა, ეპოქალური ჰიტის შემქნელი იგლზის, დამფუძნებელი, კომპოზიტორი და გიტარისტი, ყოველთვის ჯინსისა და ორმაგი ბურბონის მოტრფიალე გლენ ფრეი, ამერიკული თავისუფლებისა, სიმამაცის, თანაგრძნობისა და სიყვარულის განსაკუთრებული სიმბოლო ჯეფერსონ ეარფლენის უნიჭიერესი და ულამაზესი ვოკალისტი საინი თოლი ანდერსონი და ამავე ჯგუფის დამფუძნებელი, ასევე უნიკალური კომპოზიტორი და გიტარისტი პოლ ქენთნერი. თანაც გარდაიცვალნენ ერთ დღეს.

გიორგი გომელსკი. იგივე გიორგიო ან ჯორჯიო გომელსკი. ამავე იანვარში გადაფრინდა მიღმა ქვეყნისკენ. როლინგ სთოუნზის და იერდბერდზის მენეჯერი და შორსმჭვრეტელი პროდიუსერი. როკ ენ როლის ნათელმხილველი გოლიათი სული, ვინც თორმეტი, თექვსმეტი წლის ბიჭებში კაცობრიობისთვის სიკეთისმომტანი პოტენციალი დაინახა. ვინც სთოუნზს და იარდბერდზს გამძლეობის, დაუნებებლობის და გამარჯვების იდეა შთააგონა. საოცარიც ესაა - გიორგი თბილისში დაიბადა! და თბილისშივე გაატარა ბავშვობის გარკვეული დრო. ღმერთო ჩემო.

იანვრის მომაკვდინებელი მისტერია კი დიჯეი ედ სტიუარტის და სერ ტერი უოგანის გარდაცვალებამ დაასრულა. ირლანდიელი და ბრიტანელი რადიო - და ტელეფენომენები. ვინც მუსიკისა და ღვთისგან ნაბოძები ყველა სიკეთის ეთერში ტრანსლირებით, თაობები გადაარჩინეს და ბიბისის მანათობელ ლეგენდებად იქცნენ.

იანვარი დასრულდა. ასაკით ყველა ერთნაირად 68/69-74/75 წლის ლეგენდებმა პროექტი სახელად “სიცოცხლე ორ საუკუნეში” დატოვეს და თებერვალიც ასევე საგანგებო ამბებით დაიწყო. პროექტი დატოვა ჯაზ-როკის ქურუმთა უშველებელი ქარავანის, მზეებით გაბრწყინებული და დედამიწაზე ქარისა და ცეცხლის მადლით შემკობილი ეართ უინდ ენდ ფაიას გენიოსმა მორის უაითმა.

ქეით ემერსონ - მარტის თავბრუსხვევებით გათანგულმა, გარშემორტყმულმა და ვირტუოზული შესრულების განუმეორებელმა დიდოსტატმა, დიდებულმა სულმა თავისი ნებით დატოვა სიცოცხლე და მარადისობის მდუმარებაში შეფრინდა.

შემდეგ კი 7 აპრილს, ბაჩი ქიტიაშვილი ეწვია მიღმა სამყაროს.

ვიცით, როკ ენ როლისთვის დრო არც არსებობს, მაგრამ ჩვენი 2016 წელი მართლაც საგანგებო წელია იმ დიდი ზეიმისთვის ახლა და ამწამს ზეცაში რომ მიმდინარეობს. გული დამწყდა ბაჩიზე. ბერმუხაზე. ლეგენდაზე. პიონერზე და გნებავთ ქართული როკის პატრიარქზე, როგორც თავს უწოდებდა.

მე, მისი კონცერტიც კი წამიყვანია ფილარმონიაში და ახლა იმ დღის გახსენებისას უცნაურად მეღიმება. რაღაც უჩვეულო დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში და მასთან ერთად, ყოველთვის ხელიდან გამსხლტარი დროც სადღაც მიილია.

და ფარდაც დაეშვა.

აქ მისთვის ვარსკვლავი არავის გაუხსნია. აქ მას არც კი აქცევდნენ ყურადღებას. ის კი არ ნებდებოდა. არასდროს ნებდებოდა. დიდება მის ხსოვნას. ბერმუხას დიდება.

ინათე ბაჩი, შენს და ჩვენს მეგობრებთან, ძმებთან თუ გიჟებთან და გენიოსებთან ერთად იმ დიდ ზეიმზე, იქ სადღაც საუკეთესო ადგილებში, ამ უიმედოდ გამოფიტული სამყაროდან უკვე ძალიან, ძალიან შორს.

რამდენიმე დღის შემდეგ კი 21 აპრილს, სიკვდილის საყოველთაო როკ-მისტერიას შეურთდა პრინსი. დიახ, ოქროს მტვერით მოპნეული პრინს როჯერს ნელსონ, სცენაზე ამოხეთქილი ცეცხლისა და ვნების დიდი ქურუმი, ცეკვითა და სიმღერით, გიტარის გენიალური სოლოებითა და ღზნებით გამდიდრებული მისი უბადლო ექსპრესია, შემდეგი თაობებისთის საკვირველების ნიმუშად დარჩება.

7 ნოემბერს - წავიდა ლეონარდ ქოენი. არისტოკრატული ნიჭიერების უმშვიდესი მისი სიმაღლე ყველა მომავალ თაობას შთააგონებს. მისი ბგერებისა და პოეზიის, მისი ღრმა და მუქი ვოკალის აუხსნელი მიმზიდველობა უძლიერესია, მთელ სამყაროში უსასრულო ექოებით გაისმის და ის, სამყაროს უმშვიდესი სული, საკაცობრიო ოკეანეა. მელანქოლიის მეფე, იმედებისა და სევდის წარმავლობაში, მშვიდად შლის ფრთებს, მშვიდად ისუთქავს უკანასკნელად და სამუდამოდ უჩინარდება. მთელს პლანეტას გაოგნებულს ტოვებს და წელიწადიც გამაოგნებელი კულმინაციით მთავრდება. დედამიწას დიდი სიჩუმე ეხუფება. დრო კიდევ ერთხელ ყოვნდება.

7 დეკემბერს - წავიდა გრეგ ლეიქ, ლეონარდის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ თვეში ემერსონ ლეიქ ენდ პალმერის, ამ სამთავიანი ჩქაროსნული ბრწყინვალების ერთ-ერთი დიდი მამა გარდაიცვალა. ჯერ ხომ თავის ძმას, ვარსკვლავური ნათებით აბზინებულ ქეით ემერსონს გლოვობდა, ვინც ამ წელს სამოცდათერთმეტი წლის ასაკში, ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე და იმავე წელს გადაფრინდა ისიც. ბასის ლაბირინთების ინტუიტიური და კეთილშობილური დიდოსტატობის მცოდნე.

რიკ პარფიტ 24 დეკემბერს შეუერთდა ძმებს. სტატუს ქუს, უდახვეწილესი ბრიტანელი ლომი, როკ ენ როლის თვითნაბადი საოცრება და მომდევნო დღეს კი 25 დეკემბერს... დიახ 25 დეკემბერს გარდაიცვალა ჯორჯ მაიკლი. უფაქიზესი ხავერდოვანი ვოკალის გმირი, წვიმიანი ლონდონის მიუსაფარი სიმდიდრისა და დიდების სევდიანი, მაგრამ ნიჭით დახუნძლული სიმბოლო.

პრინცესა ლეა, დიახ მეგობრებო, ჩვენი სთარ უორზის პრინცესა ლეა - ქერი ფიშერი, 27 დეკემებრს შეუერთდა ვარსკვლავურ სასიკვდილო ოდისეას და მომდევნო დღეს კი 28 დეკემბერს მისი ქალიშვილიც დები რაინოლდსი აედევნა მას. ვარსკვლავი ვარსკვლავს. სუნთქვა სუნთქვას. მშვენიერება მშვენიერებას.

დიახ ასეა, 2016 წელი, მიღმა ქვეყნისკენ დიდი გადაფრენით მოინიშნა. მესმის, ადამიანები დედამიწაზე ყოველდღე კვდებიან და ყოველდღე იბადებიან, მაგრამ როცა ვარსკვლავები, მზეები და მნათობები ერთდროულად ტოვებენ სამყაროს მაშინ მართლაც ძალიან ბნელდება. საბედნიეროდ მათი სინათლე სამუდამოა, ხრწნა არ ემუქრება და ყოველი ახალი თაობა მას ახლებურად განიცდის, მაგრამ მაინც უცნაურია ამდენი მუსიკოსი, ლეგენდა, მწერალი თუ არტისტი ერთდროულად როგორღა გარდაისახა მიღმიერ სამყაროებში, თუ არა კაცობრიობის დიდი და ისტორიული ფერისცვალება.

დიდი ზეიმი ზეცაში გრძელდება, ბატონებო! როკ ენ როლისა და ჯაზის, თეატრისა თუ კინოს და მედიის ლეგენდარულ ვარსკვლავებს, განგების მიერ მოწყობილ წვეულებას, ამ დიად სალხინებელს შუაგულ სამოთხეში, ახლა სიტყვის დიდოსტატები შუერთდნენ, ვინც ასევე უშუალოდ ღვთისგან მიიღეს უკვდავების ზეიმზე დასასწრები მოსაწვევები და ასევე ერთად გადაფრინდნენ ნანატრი სიმშვიდეებისკენ.

ამავე ორიათასთექვსმეტი წლის თებრვალში, კიდევ ერთი დიდებული სული გადაფრინდა იქით. ბაჩანა ბრეგვაძე. დიდოსტატი. ყალბი თუ სანდო დროისაგან განრიდებული და თავისი საკუთარი ეპოქის შემქმნელი, ვინც ჩვენთვის ყველასთვის და საქართველოს მომავალი თაობებისთვის ძველი ბერძნულიდან, ლათინურიდან, ესპანურიდან, ფრანგულიდან და იტალიურიდან, კაცობრიობის უსასრულოდ დიდი საუნჯე თარგმნა, წინასიტყვაობები და კომენტარებიც დაურთო, დაწერა თხზულებები და საჩუქრებად დაგვირიგა: პლატონი და ბლეზ პასკალი. ფსევდო-ლონგინე და მარკუს აურელიუსი. მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ნეტარი აუგუსტინე. ნიკოლო მაკიაველი და ხოსე ორტეგა ი გასეტი. პოლ ვალერი და ჰენრიკ იბსენი. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და ... ახალი აღთქმა. მისი ყოველი ნაშრომის ხელში ჭერისას, მთელი შენი არსობით როცა ხვდები ცხოვრების მთელ მისტერიას - სიტყვები ყოველთვის ცოცხლობენ და არასდროს კვდებიან.

მისი გარდაცვალებიდან, ხუთი დღის შემდეგ, ეს პროექტი სახელწოდებით „სიცოცხლე ორ საუკუნეში“ ამერიკელმა ბრილიანტმა, გენიალურმა ჰარპერ ლიმ დატოვა. ვისმა რომანმაც, მსოფლიო ბესტსელერმა, თაობების ბესტსელერმა გავლენა მოახდინა არა მარტო ამერიკულ კულტურაზე, არამედ გავლენა მოახდინა ამერიკაში რასიზმის დამარცხებაზე, ამერიკული სასამართლოს გაუმჯობესებაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის განმტკიცებაზე. წიგნი გამოსვლის წამიდან მსოფლიოს საკუთრებად იქცა და დღეისთვის ორმოც მილიონზე მეტი ცალია გაყიდული. ის ყოველთვის აქტუალურია. ის ყოველთვის ცოცხალია.

ამავე დღეს, დიახ, ამავე დღეს, ცხრამეტ თებერვალს, პროექტი დიდებით აღასრულა და ასევე ხორციელად დატოვა უიშვიათესი კეთილშობილების მქონე სულმა, გიგანტმა, უბრალოებისა და თავმდაბლობის სიმბოლომ, გენიალური გონებისა და ცოდნათა ძლევამოსილების ხატებამ - უმბერტო ეკომ. ვინც თავს ყოველთვის ფილოსოფოსად მიიჩნევდა, ხოლო რომანებს კვირის ბოლოს თავისთვის წერდა. სწორედ იმ რომანებს, რომელთა გაყიდვების რაოდენობაც დღეისთვის ასევე აჭარბებს ორმოც თუ ორმოცდაათ მილიონ ცალს. მათ ავტორს კი ჰარვარდიდან ოქსფორდამდე, იტალიისა და საერთოდ მსოფლიოს უნივერსიტეტების გავლით, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სამეცნიერო თუ ლიტერატურული სამყარო, ლექციებით იწვევდა და ვინც კაცობრიობის ყველაზე იდეალისტურ წარმომადგენლებს ცნობიერებისა და ბნელი მისტერიების ლაბირინთებში შეუძღვა, შეუცნობელის მაგიურობა ახსნა და ადამიანთა გულებში თავისი ანტიკური წარმომავლობით, თავისი ქრისტიანული მრწამსითა და არისტოკრატული განსწავლულობით, საიდუმლოებების უპირველეს ქურუმად, მოგვად და მეფედ განსხივდა.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „ვარდის სახელი“, ეს მართლაც მიწისშემძვრელი თუ ზეცისშემაქანებელი რომანები გამოცემის დღიდან, მათი ავტორების გარდაცვალების დღემდე და განსაკუთრებით ამიერიდან, მომავალში მოგზაურობენ. დედამიწის ყოველი ახალი თაობა კითხულობს მათ და ყოველ ახალ თაობას, სწორედ ასეთ წიგნებზე დაფიქრებულს, სწორედ ასეთი წიგნებით აღფრთოვანებულსა და დაფრთიანებულს, კაცობრიობა სამშვიდობოზე გაყავს.

რიჩარდ რაიტის ღვთაებრივი სონატა The Great Gig In The Sky, ფლოიდის წინასწარმეტყველური სიმფონიიდან არაფერს ისე ზუსტად არ ეხმიანება, როგორც ადამიანურ მისტერიას, საუკეთესო დედამიწელთა ამქვეყნიურ ყოფნას და გარდაცვალებისას მათ გადაფრენას სამოთხის შუაგულისკენ. მათი ამქვეყნიური მისია დამთავრდა, მაგრამ ჩვენი გრძელდება, ისევე როგორც დიდი ზეიმი გრძელდება ცაზეც და ზეცაზეც! მოსაწვევი ნებისმიერი ჩვენგანის ხელშია, ჩვენი დაბადების წამისას, სიცოცხლისა და არჩევანის სახით თვით განგების მიერ მონიჭებული და საქმეც ესაა, სანამ ჩვენი იქ გადაფრენის დრო მოვა, აქ რას ავირჩევთ და როგორ მოვიქცევით უმბერტო ეკოს, ჰარპერ ლის, ბაჩანა ბრეგვაძისნაირი სინათლეების გარეშე.

2016 წელს ბევრი ვარსკვლავი თუ მუსიკოსი ეზიარა სიკვდილის უდიდეს საიდუმლოს. ამ არტიკლში ბევრზე არც კი მისაუბრია. იმედი მაქვს არ მიწყენენ. იმედი მაქვს ჩემი ესმით. ჩემთვის მთავარი იყო ეს წელი, ჩემი ამოთქმით შემეჩერებინა, მისთვის ხელი წამევლო და იქვე გამეშვა. ამდენი როკ-მუსიკოსი, ამდენი როკ-მუსიკოსი ღმერთო ჩემო, ამდენი ერთად როგორ და რა ძალით აღესრულენ - მართლაც მისტერიაა.

ყველანი ისინი მულტიინსტრუმენტალისტები იყვნენ. მუსიკისა და პოეზიის უნივერსალისტები. ჩვენს ცივილიზაციაში ბუნებრივად გაჩენილი მოვლენები და არა ხელოვნურად შექმნილი პროექტები. სულიერი დეენემით უსასრულობისა და მარადიულობის განსახიერებანი. თავისუფალი ინდივიდუალისტები. დიდება მათ სახელს. მადლობა მათ. ისინი ადამიანები იყვნენ და არავინ სხვა. სწორედ ამიტომ აჯობეს დროს და ყველაფერს, რაც დროის მიღმაა. ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს, გარდაცვლილ მეფეებს, გარდაცვლილ გიჟებს. ქებათა ქება როკ ენ როლს.

ეს თაობა ერთად მოვიდა, ერთადვე მიდის და როგორც ყველაფერ დანარჩენს, ამ საქმესაც მართლაც ღვთაებრივი ჩანაფიქრის იერი აქვს - ამდენი ლეგენდის ერთად დაბადება და ერთად გარდაცვალება, ერთ წელიწადში, ერთ თვეს, ნიშანია - ღმერთმა თავისი გეგმა აამოქმედა. ზეცაში რაღაც უდიდესი კონცერტი მიმდინარეობს. მან რაღაც ზეჯგუფი შეკრა, ზუსტად ისე როგორი ზეჯგუფიც მან გააკეთა 1970-1971 წლებში, სადაც ყველა იქ გადაბარგებულს კლუბი 27-ის წევრობა მოუწია, ჯენიზს, ჯიმის, ჯიმის, ბრაიანს და ა.შ კურტამდე და ემიმდე და ამ კლუბის წევრობას გადარჩენილი ჯონისა და ფრედის, ჯონის, მაიკისა და ბონის გავლით დღევანდელ დღემდე.

ზეცაში წვეულება გრძელდება და მადლობა განგებას, რომ ეს ზეიმი, დიდი ზეიმი ზეცაში, არ დამთავრდება არასდროს.

 დავით დეფი ♔ სიახLOVE

 12 მარტი 2017

  5 თებერვალი - 30 დეკემბერი 2016

 

ფოტოზე დავით დეფი და ლორი ანდერსონი. ნიუ იორკი. ანთერბერგის პოეზიის დარბაზი. ლექსინგტონ ავენიუ. მანჰეტენი. ფოტო გადაღებულია ბეოვულფ შიჰანის მიერ. 2011 წლის 29 აპრილს ნიუ იორკში მსოფლიო პენ ხმათა წლიური ღონისძიებები ჩატარდა, სადაც ლორი ანდერსონმა და დავით დეფიმ ერთობლივი (პოეზიისა და მუსიკის) ცოცხალი წარმოდგენა გამართეს. ივენთის სახელწოდება იყო "მეორე კანი". მონაწილეობდნენ, სალმან რუშდი, იუზეფ კომუნიაკა, ჯონ ბერნსაიდი, პია თავდროფი და სხვ.