როკ ენ როლის 5 მთავარი ლეგენდა
16 თებერვალი, 2016
475
print

დავით დეფი

ლეგენდა მეხუთე - დისკების უკუღმა ტრიალი და სატანა.

იყო დრო, მთელი მსოფლიო ამას აკეთებდა. ყველაზე მეტად უკან ატრიალებდნენ ზეპელინის, ფარფლის, საბატის დისკებს, რათა იქ სატანისადმი დაღვლენილი საგალობელი აღმოეჩინათ. იყო მილიონი ვერსია თუ სად, რა და როგორ ისმინებოდა. ამ ლეგენდას კი სინამდვლიეში ფლოიდმა დაუდო სათავე. ალბომში The Wall, თრექში Empty Spaces (What Shall We Do Now?) ისმის როჯერ უოტერსის უკუღმა ჩაწერილი ხმა, რომელიც წაღმა დატრიალებისას დაახლოებით ასეა: “აქაა დაფარული გზავნილი ფინქისგან“ შემდეგ როჯერი ერთ-ერთ მისამართს ასახელებს. სავარაუდოდ ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილ-სამყოფელია სადაც სიდ ბარეტი მკურნალობდა. მისამართი შესაძლოა ფლოიდისთვის საკრალურ სხვა ადგილსაც ნიშნავდეს, მაგრამ სატანა და ის ჯგუფები ამ ამბავში როგორ გაიჩხირნენ აზრზე არ ვარ. ინტერნეტი სავსეა ფლოიდის ამ გზავნილის გამშიფვრელთა მასალებით.

ლეგენდა მეოთხე - ჯონ ლენონი და ბილეთები.

ლენონმა ფარფლის კონცერტის ყველა ბილეთი იყიდა და დარბაზში მარტო იჯდა. ფარფლებმა ეს რომ ნახეს ეგრევე სიმღერა დაწერეს სადაც ლენონს აგინებდნენ. სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა. საქმე ფარფლის ალბომს ეხება Fireball და ამავე სახელწოდების პირველივე თრექის, პირველივე წინადადებაში ასეა: The golden light above you shows me where you're from ფონეტიკურად ეს სიტყვები რატომღაც ამას მიამსგავსეს: John Lennon fuck you მართლაც რატომ ან როგორ კაცმა არ იცის. ლეგენდას არანაირი საფუძველი არ აქვს. პოლ მაქქარტნი და როჯერ გლოვერი მეგობრები არიან და ფარფლთან პოლს დაკრული აქვს. ასეთი ტრიო შედგა დევიდ გილმორი, იან პეისი, პოლ მაკარტნი. უკრავენ ლონდონის ქუჩაში. არაჩვეულებრივი ლაივია.

ლეგენდა მესამე - როგორ იპოვნა პეიჯმა პლანტი და ბლექმორმა გილანი.

ზღვის სანაპიროზე ჯიმი პეიჯი მოსეირნობდა. რობერტ პლანტი იქვე იწვა და ირუჯებოდა. პეიჯმა პლანტს შემთხვევით ფეხი დაადგა და სიმწრისგან აცეცხლილი პლანტი, ისტერიული წივილ-კივილით, ჯიმის ზეზე წამოუფრინდა. მისი ხმის ტემბრი და ტემპერამენტი პეიჯს ძალიან მოეწონა და წამო ერთად დავუკრათო. იმავე სანაპიროზე მეორე დღეს რიჩი ბლექმორი თავის ნაშასთან ერთად მოდიოდა და ზღვიდან სასწაული კივილი გაიგონა. გილანი იხრჩობოდა და ყვიროდა მიშველეთო. რა კარგი ხმა აქვს ვიღაცას, თქვა ბლექმორმა და იანის გადასარჩენად ზღვაში შეცურა. ნაპირზე რომ გამოვიდნენ ამანაც იგივე უთხრა, წამო ერთად დავუკრათო. ასეთი უწყინარი სისულელით და სერიოზულად მცოდნე სახეებით ტვინი ძალიან ბევრ ადამიანს გამოელაყა.

ლეგენდა მეორე - პოლ მაქქარტნი მკვდარია. ეს პოლ მაქქარტნი არაა.

პოლი, (ახლა უკვე სერ პოლ) ბიტლზის შუა ზეობისას ავტოკატასტროფაში მოკვდა და ბრიტანეთის დაზვერვამ და ბიტლზის მენეჯერმა ეფშტაინმა ის დოპელგანგერით შეცვალეს. იპოვნეს პოლ მაქქარტნის ორეულთა კონკურსში გამარჯვებული ვინმე კემბელი, ასწავლეს მარცხენა ხელით დაკვრა, სიმღერა და გენიალური სიმღერების წერაც კი. ამ ლეგენდას საფუძველი ნამდვილად აქვს, ბიტლების ფარული გზავნილებისა და სერჟანტ პეპერის ყდაზე გამოსახული არა ერთი მისტიური სიმბოლოს გამო. ეს ამბავი სათავეს 1966 წლიდან იღებს და დღემდე, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები სერიოზულობით განიხილება. ამაზე მზადდება ფილმები, გადაცემები, იწერება წიგნები და ყოველ ჯერზე ახლიდან იწყება მიმოწვლილვითი გამოძიება, ე.წ. აშკარა მტკიცებულებებით და ვიდეო თუ ფოტო მასალის დემონსტრირებით. უკვე სასწაულებიც აღარ ქვია, ისეთ რამეებს წააწყდებით თუ კვალს გაყვებით. სრული შოკი.

და უმთავრესი

ლეგენდა პირველი - ელვისი ცოცხალია.

ეს ლეგენდა შოკის კატეგორიაში არ ეტევა. ეს არც საიდუმლოთა კატეგორიაში შედის. ეს არც მითია. ეს რელიგიასაც გასცდა. ეს აბსოლუტურად სხვა რამაა. დიახ, ლეგენდის მიხედვით, ელვის პრესლი 1977 წელს არ მომკვდარა. ის ცოცხალია. ახლა ღრმად მოხუცია. ელვისის ლეგენდა ყველაზე დიდი მოვლენაა როკ ენ როლის ისტორიაში. ამაზე დიდი ლეგენდა არ არსებობს. საქმე პრესლის განუმეორებელ ფენომენს ეხება და მისი ლეგენდა ყველაზე ახლოს დგას იესო ქრისტეს სიკვდილთან, მის დასაფლავებასთან და აღდგომასთან. მაგრამ არის აბსოლუტური Bullshit. მთელს დედამიწაზე, ათასობით ფილმი, წიგნი, არტიკლი, რადიო და ტელე გადაცემა არსებობს და დღემდე მზადდება თუ რატომ და როგორ უნდა გაუჩინარებულიყო როკ ენ როლის მეფე, რატომ და როგორ მოხდა მისი სიკვდილის ინსცენირება და არსებობს ასევე ათასობით ფილმი, წიგნი, არტიკლი, რადიო და ტელე გადაცემა რომ ელვისის ეს მითი, მართლაც მითია და სხვა არაფერი. ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, ის ჰაერივითაა. ის სულ არსებობს. სიმართლე და ტყუილი აქ ძმები გახდნენ, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ამ ლეგენდის გათვალისწინებით თუ გაუთვალისწინებლად, როკ ენ როლი მაინც ყველაზე მაგარი რამაა რაც კი კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე განუცდია. ის სულაც არაა მხოლოდ მუსიკა. ის ყველაზე ახლოს დგას რელიგიასთან, პოეზიასთან, მეცნიერებასთან, პოლიტიკასთან, მაგიასთან, ფილოსოფიასთან, არქიტექტურასთან, მთლიანად სოციალურ სამყაროსთან და ხშირ შემთხვევაში თვითონაა ეს ყოველივე. ELVIS LIVES.

დ ♔ სიახLOVE