დიდი ზეიმი ზეცაში
22 თებერვალი, 2016
1142
print

დავით დეფი

„2016 როგორი საგანგებო წელია. რა უცნაურია. ამდენი ვარსკვლავი, ამდენი გენიოსი იმქვეყნად ერთად წავიდა. ღმერთი კაცობრიობას აფდეითს უკეთებს."   ფელიქს ტაძრელი.

დიახ ასეა, 2016 წლის თებერვალი, ისევე როგორც ამავე წლის იანვარი, მიღმა ქვეყნისკენ დიდი გადაფრენით მოინიშნა. მესმის, ადამიანები დედამიწაზე ყოველდღე კვდებიან და ყოველდღე იბადებიან, მაგრამ როცა ვარსკვლავები, მზეები და მნათობები ერთდროულად ტოვებენ სამყაროს, მაშინ მართლაც ძალიან ბნელდება. საბედნიეროდ მათი სინათლე სამუდამოა, ხრწნა არ ემუქრება და ყოველი ახალი თაობა მას ახლებურად განიცდის, მაგრამ მაინც უცნაურია ამდენი მუსიკოსი, ლეგენდა, მწერალი თუ არტისტი ერთდროულად როგორღა გარდაისახა მიღმიერ სამყაროებში, თუ არა კაცობრიობის დიდი და ისტორიული ფერისცვალება.

დიდი ზეიმი ზეცაში გრძელდება, ბატონებო! როკ ენ როლისა და ჯაზის, თეატრისა თუ კინოს და მედიის ლეგენდარულ ვარსკვლავებს, განგების მიერ მოწყობილ წვეულებას, ამ დიად სალხინებელს შუაგულ სამოთხეში, ახლა სიტყვის დიდოსტატები უერთდებიან, ვინც ასევე უშუალოდ ღვთისგან მიიღეს უკვდავების ზეიმზე დასასწრები მოსაწვევები და ასევე ერთად მიფრინავენ ნანატრი სიმშვიდეებისკენ.

თოთხმეტ თებრვალს, კიდევ ერთი დიდებული სული გადაფრინდა იქით. ბაჩანა ბრეგვაძე. დიდოსტატი. ყალბი თუ სანდო დროისაგან განრიდებული და თავისი საკუთარი ეპოქის შემქმნელი, ვინც ჩვენთვის ყველასთვის და საქართველოს მომავალი თაობებისთვის ძველი ბერძნულიდან, ლათინურიდან, ესპანურიდან, ფრანგულიდან და იტალიურიდან, კაცობრიობის უსასრულოდ დიდი საუნჯე თარგმნა, წინასიტყვაობები და კომენტარებიც დაურთო, დაწერა თხზულებები და საჩუქრებად დაგვირიგა: პლატონი და ბლეზ პასკალი. ფსევდო-ლონგინე და მარკუს ავრელიუსი. მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ნეტარი ავგუსტინე. ნიკოლო მაკიაველი და ხოსე ორტეგა ი გასეტი. პოლ ვალერი და ჰენრიკ იბსენი. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და ... ახალი აღთქმა. მისი ყოველი ნაშრომის ხელში ჭერისას, მთელი შენი არსობით როცა ხვდები ცხოვრების მთელ მისტერიას - სიტყვები ყოველთვის ცოცხლობენ და არასდროს კვდებიან.

მისი გარდაცვალებიდან, ხუთი დღის შემდეგ, ეს პროექტი სახელწოდებით „სიცოცხლე ორ საუკუნეში“ ამერიკელმა ბრილიანტმა, გენიალურმა ჰარპერ ლიმ დატოვა. ვისმა რომანმაც, მსოფლიო ბესტსელერმა, თაობების ბესტსელერმა გავლენა მოახდინა არა მარტო ამერიკულ კულტურაზე, არამედ გავლენა მოახდინა ამერიკაში რასიზმის დამარცხებაზე, ამერიკული სასამართლოს გაუმჯობესებაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის განმტკიცებაზე. წიგნი გამოსვლის წამიდან მსოფლიოს საკუთრებად იქცა და დღეისთვის ორმოც მილიონზე მეტი ცალია გაყიდული. ის ყოველთვის აქტუალურია. ის ყოველთვის ცოცხალია.

ამავე დღეს, დიახ, ამავე დღეს, ცხრამეტ თებერვალს, პროექტი დიდებით აღასრულა და ასევე ხორციელად დატოვა უიშვიათესი კეთილშობილების მქონე სულმა, გიგანტმა, უბრალოებისა და თავმდაბლობის სიმბოლომ, გენიალური გონებისა და ცოდნათა ძლევამოსილების ხატებამ - უმბერტო ეკომ. ვინც თავს ყოველთვის ფილოსოფოსად მიიჩნევდა, ხოლო რომანებს კვირის ბოლოს თავისთვის წერდა. სწორედ იმ რომანებს, რომელთა გაყიდვების რაოდენობაც დღეისთვის ასევე აჭარბებს ორმოც თუ ორმოცდაათ მილიონ ცალს. მათ ავტორს კი ჰარვარდიდან ოქსფორდამდე, იტალიისა და საერთოდ მსოფლიოს უნივერსიტეტების გავლით, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სამეცნიერო თუ ლიტერატურული სამყარო, ლექციებით იწვევდა და ვინც კაცობრიობის ყველაზე იდეალისტურ წარმომადგენლებს ცნობიერებისა და ბნელი მისტერიების ლაბირინთებში შეუძღვა, შეუცნობელის მაგიურობა ახსნა და ადამიანთა გულებში თავისი ანტიკური წარმომავლობით, თავისი ქრისტიანული მრწამსითა და არისტოკრატული განსწავლულობით, საიდუმლოებების უპირველეს ქურუმად, მოგვად და მეფედ განსხივდა.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „ვარდის სახელი“, ეს მართლაც მიწისშემძვრელი თუ ზეცისშემაქანებელი რომანები გამოცემის დღიდან, მათი ავტორების გარდაცვალების დღემდე და განსაკუთრებით ამიერიდან, მომავალში მოგზაურობენ. დედამიწის ყოველი ახალი თაობა კითხულობს მათ და ყოველ ახალ თაობას, სწორედ ასეთ წიგნებზე დაფიქრებულს, სწორედ ასეთი წიგნებით აღფრთოვანებულსა და დაფრთიანებულს, კაცობრიობა სამშვიდობოზე გაყავს.

რიჩარდ რაიტის ღვთაებრივი სონატა The Great Gig In The Sky, ფლოიდის წინასწარმეტყველური სიმფონიიდან არაფერს ისე ზუსტად არ ეხმიანება, როგორც ადამიანურ მისტერიას, საუკეთესო დედამიწელთა ამქვეყნიურ ყოფნას და გარდაცვალებისას მათ გადაფრენას სამოთხის შუაგულისკენ. მათი ამქვეყნიური მისია დამთავრდა, მაგრამ ჩვენი გრძელდება, ისევე როგორც დიდი ზეიმი გრძელდება ცაზეც და ზეცაზეც! მოსაწვევი ნებისმიერი ჩვენგანის ხელშია, ჩვენი დაბადების წამისას, სიცოცხლისა და არჩევანის სახით თვით განგების მიერ მონიჭებული და საქმეც ესაა, სანამ ჩვენი იქ გადაფრენის დრო მოვა, აქ რას ავირჩევთ და როგორ მოვიქცევით უმბერტო ეკოს, ჰარპერ ლის, ბაჩანა ბრეგვაძისნაირი სინათლეების გარეშე.

 

დ ♔ სიახLOVE

 20 თებერვალი 2016