Mea culpa, mea maxima culpa!
25 თებერვალი, 2016
455
print

“ოქრო”

კინოფილმიდან “მაკენას ოქრო”

რა გვაქვს?

იკითხა, ვიღაც უეთნოსო, საქართველოს არაფორმალურმა მფლობელმა “მაკენამ” და მისი მონა, კულტუროლოგი მრჩევლებიც ცინიკურად უპასუხებდნენ - არც არაფერი - ოციოდე ძველი ტაძარი, რამდენიმე არქეოლოგიური გათხრის ადგილი და ორი ცალი თავის ქალა. უძველესი კულტურის მატარებელი ერისთვის ძალიან ცოტა უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ამაზე ძველი, მოვლილი და მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ასიოდე მაინც მოიძებნება დედამიწაზე.

რა შეიძლება გვქონოდა?

ფიქრობენ წესიერი ქართველი ხელოვნებათმცოდნეები - ყველაზე ძველი ოქროს საბადო, ასე - ოთხი ათასი წლის. ქვეყნის სავიზიტო ბარათი, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ადგილი, აქედან შემოსული უზარმაზარი თანხა და მეტი სიამაყის გრძნობა. საყდრისი - “არგო”, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ნიმუშის დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნების საწინდარი. გაცოცხლდებოდა სტრაბონი, არგონავტები, კოლხეთის ოქრო, ფაზისი, ლაზიკა, იბერია, გეორგია, ქართული დამწერლობა, ღვინის წარმომავლობა, ადიშის თუ ლატალის ოთხთავები, ხელთუქმნელი ფრესკები, მეხუთე საუკუნეში შექმნილი “შუშანიკის წამება”, ვეფხისტყაოსანი და კიდევ უამრავი უთარგმნელი და დაფარული, სამყაროსთვის უცნობი საგანძური. ეს ყველაფერი მოხდებოდა ძალიან სწრაფად, “მაკენას” და მის ყაჩაღებს, საყდრისი, რომ არ აეფეთქებინათ.

ეს აქცია ფორმით ტერორისტული იყო, შინაარსით - ვანდალური.

“მთავრობამ” ძეგლის ნგრევა-აფეთქების გამართლება დაიწყო და ბოლშევიკურად ყველაფერს მუშებსა და გლეხებზე ზრუნვით ახსნა. სამმა ათასმა მუშამ გადაწონა ოთხი ათასი წლის ისტორია. ეს იყო ბოლშევიკური ჟანრის კლასიკა, თუმცა ყველამ იცოდა, ვის შემოსავალსა და გაუმაძღარი მომხვეჭელობის ვნებას შეეწირა საყდრისი. ამ ბარბაროსული აქტს ჰეროსტრატეს კომპლექსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ერთი ბანალურზე ბანალური, ყაჩაღობის ისტორიაა. ჩვენს წინაპრებს წინასწარმეტყველური სახელი კი ზუსტად დაურქმევიათ - ყაჩაღიანი.

ახლა უკვე გვიანაა. მორჩა. მარადიული მხოლოდ დროა. ნათქვამია: ყველას ეშინია ჟამთაცვლის, მხოლოდ ჟამთაცვლას ეშინია პირამიდების.

პირამიდების ან საყდრისის.

გამართლება ყველაფრის მოიძებნება: არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესის ამბავია.

 

მამუკა ხერხეულიძე