The Sanda - Absolute Positive
04 მარტი, 2016
523
print

დავით დეფი

The Sanda - მეგობრებო! მინდა გაგახაროთ, ეს უნიკალური ჯგუფია!

უნიკალური და ფენომენალურიც.

მოისმინეთ მათი ნებისმიერი სიმღერა ნებისმიერი მათი ალბომიდან და ნახავთ, რატომაც ვამბობ ასე. მათი მუსიკა ყველგან შემღწევია და უსასრულოდ გამჭვირვალე. აქ ყოველ ბგერას თავისი სასიცოცხლო გამართლება აქვს და ამ ჯგუფში არც ერთი ჰანგი არ წარმოიქმნება უმიზეზოდ. ისინი მუსიკით არსებობენ, ისინი ერთმანეთში მუსიკას ხედავენ და საოცარი ვირტუოზულობით იმორჩილებენ დროს.

მათი ჰიტებიდან ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერები Play The Game, ან Smashing Love, სანდას საფირმო ჟღერადობას, უდახვეწილეს გემოვნებას, მუსიკლურ ინტელექტს და მთლიანად ჯგუფს, როგორც ერთ ცოცხალ ორგანიზმს, თქვენს წინაშე უტყუარი პროფესიონალიზმით წარმოაჩენენ. ამ ჯგუფს ყველასგან გამოარჩევთ. დიდი მუსიკალური ნიჭი და გამაოგნებელი მოთმინება თუ შრომისუნარიანობა, გნებავთ მათი მომაჯადოებელი აურა, ამ ჯგუფის ნიშანია.

ისინი ოც წელზე მეტია საქართველოში მუშაობენ. გამოდიოდნენ და ახლაც გამოდიან ათობით სხვა და სხვა მუსიკალურ ფესტივალზე, კონცერტზე, სხვა და სხვა ღონისძიებაზე, ივენთზე, გნებავთ კლუბებსა თუ სხვაგან, როგორც საქართველოში ისე საქართველოს მიღმაც. უკრავენ ნებისმიერ სცენაზე და ყოველთვის ბრწყინვალე ხარისხით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიო მუსიკალურმა საძიებელმა ვებ-ლექსიკონმა, სანდა თავის სიაში შეიყვანა, სადაც არის დეპეშ მოდი, იუ თუ, სიმფლი, მაინდზი, თუ რედიოჰედი და მართლაც როგორი დასანანია, სანდას შემოქმედებას ჩვენთან ბევრი რომ საერთოდ არ იცნობს. ვფიქრობ, ეს უკვე ადამიანთა არჩევანის საკითხია და არა არცოდნის.

ჩემთვის უძვირფასესი რამ იყო, როცა 2012 წელს მათთან აუდიო ნამუშევრები შევქმენი. სანდას მუსიკა ჩემს პოეზიასთან ერთობლივი თრექებით ორგანულად შეიკრა და ჩვენი ორენოვანი პროექტი სახელწოდებით THE SANDAVID ახლა საუნდქლაუდზე იწონებს თავს. აქვე ჩემს განცდასაც ყველანაირი ფილოსოფიის გარეშე გეტყით – სანდას ჰარმონია სამყაროს ჰარმონიაა. სანდას სიჩუმე სამყაროს სიჩუმეა.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ჯგუფის შემადგენლობა არც ისე ხშირად იცვლებოდა. ჯგუფის გიტარისტები იყვნენ: გიზო ფერაძე,ზაზა ზაუტაშვილი, გოგა მახარაძე, გარი ასტვაცატურიანი. ფორტეპიანო: მიხო ქორელი. ვოკალისტები: ქეთი წიკლაური, ქეთი და თამუნა ბახტაძეები. დრამი: ნიკა მარგველაშვილი, დიმა ასატუროვი - ჯგუფის ერთ ერთი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. სანდას ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი წევრი.

ახლა კი ბატონებო, პატივით და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჯგუფის წევრებს:

ნათია ნამგალაური – ვოკალი.

მის ხმაში და სიმღერის შესრულების ოსტატობაში, იმედს, სინათლეს, სევდას და სიყვარულს ამოიცნობთ. ძალიან სცენიურია და ბუნებრივად მომხიბვლელი. სიჩუმეშიც და ხმაურშიც, მუსიკის გრძნობის თანდაყოლილი უნარი აქვს. ერთდროულად უნაზესი და უძლიერესი მისი ვოკალით, სიმღერის დროს, ჰაერი რაღაც ფორმას იღებს. მისი სმენისას თითქოს ხედავ მის ხმას.

ირაკლი ლომსაძე – ფორტეპიანო.

ზოგჯერ მგონია ეს კაცი ინსტრუმენტთან ერთად დაიბადა. როცა ის ფორტეპიანოს ეხება, დროსა და სივრცეს რაღაც მაგიური ემართება. გარემო შენს თვალწინ იცვლება. მას თავისი პიროვნული სულის ნაცვლად მე მგონი მთლიანად მუსიკის სული უდგას. ძალიან დემოკრატიულია. ყველაფერთან ერთად ესეც მაკვირვებს მასში.

სოსო საყვარელიძე – აკუსტიკური გიტარა. ვოკალი.

ო, მისი კეთილშობილება, მუსიკალური და პიროვნული თვისებები, ბგერებთან ერთად ელვარებენ. არისტოკრატულია. მუსიკა მას, სისხლის საკუთარ მიმოქცევასთან ერთად უმოძრავებს სხეულში. მან ყველაფერი იცის მუსიკის შესახებ და ეს ცოდნა მის ხმაშიც ჩანს. მღერის როგორც სუნთქავს და სუნთქავს როგორც უკრავს.

ივანე ხიმშიაშვილი – ბასი.

იცით რა არის სიმშვიდე? თუ არ იცით, მიმართეთ ივანეს. ჯგუფის ბასგიტარისტს. მისთვის მელოდია მუსიკის სულია. სიმშვიდე კი სულის მელოდია. ყოველთვის გაწონასწორებულია. ყოველთვის ფხიზლადაა. მის ბასში დედამიწის ვიბრაციას იგრძნობთ. ის თქვენს გულისცემას ზღაპრულად აამღერებს და ყოველთვის რაღაც თავგადასავალში გაგიხმობთ. ასეა მეგობრებო, რაც კარგია ბასისთვის, ის კარგია მთელი ჯგუფისთვის.

ზურა ლანჩავა – ლიდგიტარა.

შემტევი რეალისტი. მისი დახვეწილი სოლოები ცნობიერების ნაკადს მომაგონებს. ხანმოკლე, ხანაც გრძელი სოლო პარტიები ორგანულად ეკვრის მუსიკის მთლიან ქსოვილს, რომელიც ძალიან ფაქიზია და თანაც მძიმე. მასალასთან მუშაობისას გადაწყვეტილების მიღებას არასდროს ჩქარობს. ყოველთვის სხვებს უსმენს და შემდეგ სთავაზობს თავის ხედვას, რომელიც ყოველთვის ამართლებს. კი, ამ კაცმა ზუსტად იცის, რა უნდა.

გიგი კობერიძე – დრამი. პერკუსია.

სანდასთვის ნებისმიერი ინსტრუმენტი მუსიკის სხეულის განუყოფელი ნაწილია. დასარტყამი ინსტრუმენტი სახეს იცვლის, როცა დრამერი სხვა ინსტრუმენტებთან ჰარმონიაში ფუნქციებს ინაწილებს. მის მიერ მექანიკამდე დაყვანილი, საათივით აწყობილი დრამ–სისტემა სხვადასხვა ბგერით იმოსება. გიგის დაკვრისას სცენაზე ყველაფერი ფეთქავს. მისი დრამის განსაკუთრებული პულსაცია ძალიან მომნუსხველია.

მე არა ერთხელ ვყოფილვარ პუბლიკის წინაშე სანდას კონცერტის გამხსნელის როლში. მათთვის ჯილდოც კი გადამიცია რეგიონში ანდერგრაუნდის გაცეცხლილი მეფის, ლადო ბურდულის კავკასიის როკ-ფესტივალზე ფენიქსი და ახლაც არ ვიცი ჯგუფის წევრები საიდან იღებენ ამხელა ენერგიას, როცა ორი თუ სამსაათიანი კონცერტის დროს წამითაც არ ჩერდებიან და ყოველ ჯერზე სულ უფრო უმატებენ სიმხურვალეს. ნიჭიერება მათთვის ზეიმია. ვფიქრობ, სწორედ ეს ზეიმია თავდადების, გამძლეობის, დიდებულებისა და თუ გნებავთ გენიალურობის უტყუარი ნიშანიც.

უსმინეთ სანდას. უსმინეთ რაც შეიძლება ხშირად.

 

დავით დეფი ♔ სიახLOVE

 

ტეგები