"ჰაბლი" დიდ აფეთქებას მიუახლოვდა
12 მარტი, 2016
124
print

გიგა გურასაშვილი

სამყარო დიდი აფეთქების შედეგად 13,8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ მისი პირვანდელი პორტრეტის შესახებ არაფერი ვუწყით და მხოლოდ კონტურებში გვაქვს წარმოდგენილი. დღეს კი თითქმის ყველაფრის მხილველი „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ GN-z11–ის სანომრე ნიშნის მქონე გალაქტიკას მოვავლეთ მზერა, რომელიც „დიდი დათვის“ თანავარსკვლავედში, იმ სახითაა დანახული, როგორიც იყო დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰაბლის“ ტელესკოპი GN-z11–ს ისეთად ხედავს, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ (დრო, როდესაც სამყარო ამჟამინდელი  ასაკის სამ პროცენტს შეადგენდა).

ასტრონომები საკუთარი გაზომვების სიზუსტეში დარწმუნებულნი არიან, რამდენადაც მათ ეს GN-z11–დან წამოსული სინათლის ტალღების სპექტრალური ანალიზის შედეგად გააკეთეს. მართალია, ამდენად დაშორებული წყაროზე მსგავსი ანალიზის გაკეთება მეტად რთულ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი ხდება, მაშინ იმ წყარომდე მანძილი დიდი ალბათობის სიზუსტით შეიძლება განისაზღვროს.

„კოსმოსის ისტორიაში გალაქტიკათა შესწავლის სფეროში „ჰაბლის“ მიღწევათა მწვერვალთან გვაქვს საქმე, – BBC–თან საუბარში სიამაყით აცხადებს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი და იელის უნივერსიტეტის ასტრონომი პასკალ ოში. – „ჰაბლი“, რომელიც აგერ უკვე 26 წელიწადია კოსმოსშია, ერთხელაც დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ტელესკოპია. გაშვებისთანავე გალაქტიკებს ვსწავლობდით, რომელთა ასაკიც კოსმოსის ისტორიის ნახევარს მცირედით თუ აჭარბებდა, დღეს კი დროში 97 პროცენტით უკან დავბრუნდით. ეს უდიდესი მიღწევაა“.

ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ კოსმოსურ კვლევათა ვეტერანი თავის ტექნიკურ შესაძლებლობათა ზღვარს მიუახლოვდა და რომ კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეებში შეჭვრეტას მალე მისი მემკვიდრე გააგრძელებს. საუბარია აგების პროცესში მყოფ „ჯეიმს უების“ ტელესკოპზე, რომელიც 2018 წელს იქნება მზად.

ისიც ვთქვათ, რომ „ჯეიმს უების“ ტელესკოპის პირდაპირი სამეცნიერო დანიშნულება ოთხ მიზანს ისახავს: დიდი აფეთქების შედეგად სამყაროში წარმოქმნილი პირველი ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან წამოსულ შუქს მიაკვლიოს, შეისწავლოს გალაქტიკების ფორმაცია და მათი განვითარების საფეხურები, გაერკვეს ვარსკვლავების წარმოქმნასა და პლანეტარულ სისტემებში და შეისწავლოს პლანეტარული სისტემები და სიცოცხლის საწყისი. დასახულის ეფექტურად მიღწევაში კი მეცნიერებს სწორედ „ჯეიმს უები“ დაეხმარებათ, რომელსაც „ჰაბლზე“ გაცილებით მგრძნობიარე „თვალი“ აქვს. სხვა მრავალ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად „ჯეიმს უები“ 6,5 დიამეტრის მქონე სარკითაც გამოირჩევა (შედარებისთვის „ჰაბლს“ 2,4 მეტრის დიამეტრის სარკე აქვს).

ერთი სიტყვით, როგორც პასკალ ოში ამბობს, ახალი ტელესკოპის წყალობით საშუალება მოგვეცემა GN-z11–ის წინაპრების მოსაძებნად კოსმოსში უფრო ღრმად შევიხედოთ.

და კიდევ, მისი უნიკალურობის წყალობით შესაძლებელი გახდება დიდ აფეთქებასთან მიახლოება – დროში 200 მილიონი სინათლის წლით უკან გახედვა, რაც „ჰაბლის“ დღევანდელ მიღწევას ფაქტობრივად ამდენივე წლით აუმჯობესებს, ანუ 200 მილიონი სინათლის წლით უფრო შორს გავიხედავთ, ვიდრე GN-z11–ია.

პასკალ ოში და მისი კოლეგები გვარწმუნებენ, რომ „ჰაბლის“ მიერ დანახული გალაქტიკის ზომა ირმის ნახტომის ოცდამეხუთედს (1/25), ხოლო აღნიშნული გალაქტიკის ვარსკვლავების მასა ჩვენივე გალაქტიკის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს.