ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს
22 მარტი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ჩვენს გვერდით უცხოპლანეტელები ცხოვრობდნენ. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რა თქმა უნდა, მათ ვერ ვამჩნევთ. ისე, არც ამის უნარი გაგვაჩნია და მართალია გითხრათ, მათ აღმოსაჩენად არც ტვინს ვიჭყლეტთ. მიზეზი უბრალოა: არ გვჯერა! ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენლად გვეჩვენება და მორჩა. მიუხედავად ამისა, არიან ისინიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს. ერთ-ერთი ვინც მსგავს მოსაზრებას გვიზიარებენ ავსტრალიელი მეცნიერები – პროფესორი პოლ დეივისი და დოქტორი ჩარლზ ლაინვივერი არიან.

ავსტრალიელ მეცნიერთა აზრით, ეს უცხოპლანეტელები სავარაუდოდ პრიმიტიული მიკრობები უნდა იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინათ გაჩნდნენ.

რამდენადაც ცნობილია, ოთხი მილიარდი წლის წინათ დედამიწა მეტეორებითა და გიგანტური ასტეროიდებით დაიბომბა. მათი მეშვეობით კი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, უცხო ორგანიზმების მიერ დედამიწის ერთგვარი განაყოფიერება მოხდა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი პლანეტის დაბომბვამ, შესაძლოა, რამდენჯერმე შეწყვიტა ასეთი პროცესი, რომლის მსვლელობისასაც წარმოიქმნებოდა სიცოცხლე, მაგრამ მეტეორებისა და ასტეროიდების შემდგომი დაბომბვებისას ნადგურდებოდა. ასევე სავარაუდოა, რომ ზოგიერთმა ორგანიზმმა ასეთ დაბომბვებს გაუძლო და დღეს ჩვენი პლანეტის ზედაპირის სიღრმეებში, ატმოსფეროში, ან დაბინძურებულ ტბებში იმალებიან. ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენთვის უცხო ორგანიზმები მზის სისტემაშიც არსებობდნენ და თუ უფრო შორს წავალთ შესაძლოა, ჩვენს გვერდითაც, მაგრამ იმდენად უჩვეულო, უცხო არსებები არიან, რომ მათი აღმოჩენის შესაძლებლობები ჯერ არ გაგვაჩნია (ასტრობიოლოგთა ვარაუდებით მიკროორგანიზმები შესაძლოა, სატურნის თანამგზავრების - ტიტანისა და ენცელადის ოკეანეებში არსებობდნენ. გ.გ.).

ესეც საინტერესოა - პირობითად ამ უცხოპლანეტელებს შეიძლება ისეთი ბუნება, თვისება თუ ზნე ჰქონდეთ, რომ არანაირად არ მიუთითებდნენ თავიანთ არსებობაზე. ისინი უძრავ მდგომარეობაში მათი არსებობისთვის შესაფერისი პირობების მოლოდინში შეიძლება ნებისმიერ ადგილზეც იყვნენ.

"ჩამოთვლილ მიზეზთა გამო შესაძლებელია გარემოცული ვიყოთ ცოცხალი, უმოქმედო ან მკვდარი უცხოპლანეტელი მიკრობებით, ამასთან ისე, რომ მათზე წარმოდგენაც არ გვქონდეს," - ასკვნის პოლ დეივისი და იქვე განმარტავს, რომ მიკრობების სამყარო უამრავი საიდუმლოებებითა და სიურპრიზებითაა გაჯერებული და ერთ-ერთ მათგანს შეიძლება არამიწიერი წარმოშობის სიცოცხლის ფორმა გააჩნდეს.

არც ესაა ყველაფერი. იგივე მეცნიერები უფრო შორს მიდიან, რომლის მიხედვითაც გამორიცხული არაა მილიარდობით წლის წინათ ჩვენს წინაპრებსა და არამიწიერი სიცოცხლის ფორმებს შორის ერთგვარი გენეტიკური მასალების შეჯვარება მომხდარიყო! ამასობაში კიდევ ერთი ავსტრალიელი მეცნიერი დოქტორ უილფრედ უოლში მიაჩნია, რომ მისი კოლეგების თეორიას არსებობის უფლება აქვს. მეტიც, მისივე აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობა ყოფილიყოს "ერთჯერადი ბედნიერი შემთხვევითობა".

მისი თქმით, სიცოცხლე იმდენად სწრაფად წარმოიქმნა, თითქოს ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა კიდეც. ემზადებოდა სასურველი, შესაფერისი პირობებისთვის.

"სიცოცხლეს გარკვეული მიზეზების გამო შესწევდა უნარი დედამიწაზე სწრაფად ჩამოყალიბებულიყო, ან იგი ჩვენს პლანეტაზე სხვა სამყაროდან მოვიდა, - საკუთარ მოსაზრებას გვამცნობს უოლში. – შესაძლოა, სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე ნაწილობრივ დედამიწის მიღმა ჩაისახა, შემდეგ კი რაღაცნაირად აქაც გაჩნდა თუ შემოაღწია."