უფრო მაღლა ვიდრე გენიალური
07 მარტი, 2017
0
print

დავით დეფი

თითქმის ორი საუკენე გვაშორებს იმ შორეულ 1849 წლის 7 ოქტომბერს და თან უკვე ახალი ათასწლეული გვაახLOVEბს იმ კვირა დღეს, იმ ათას რვაას ორმოცდაცხრა წლის შვიდი ოქტომბრის ცივ და უღიმღამო დღეს, როცა ბალტიმორის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა უგონოდ მყოფი ედგარ პოს უკანასკნელი სიტყვები გაიგო: „ვიცი, ჩემნაირი უბედურისთვის იმედი მხოლოდ სიცოცხლის მიღმაა… ღმერთო მიიღე ჩემი საბრალო სული.“

როგორი სევდა და განწირულობაა ამ სიტყვებში, რომელიც სიკვდილის წინ აღმოხდა კაცს, ვინც ძალიან მწარე ხვედრით, შემოქმედებითი ბედისწერის მოწამეობრივ გზაზე ამაყად იარა.

მსოფლიო ლიტერატურაში უხვადაა მასზე შექმნილი ესეები, წერილები და ვრცელი შრომები, რომლებიც უნიკალურ ფენომენს იკვლევს, რამაც წარმოშვა შტორმი `ყორანი‘‘ და „პოეზიის პრინციპი“ შექმნა, როგორც მთავარი ჩონჩხედი უთვალავი მისი შედევრისა, მარადისნათებით ვარსკვლავებად აჭედებულნი რომ იქნებიან ყოველთვის, გაშიშვლებული რეალობის უმოწყალოდ შავ ცაზე.

ედგარ ალან პოზე წერდნენ: ბოდლერი, დოსტოევსკი, ჯეკ ლონდონი, ბორხესი და „ასე შემდეგ“, როგორც იტყოდა კურტ ვონეგუტი, ედგარ ალან პოს თარგმნიდა ვაჟა და სამფრთა ადიდებდა მას გალაკტიონი. ედგარ პოს პოემები, ლექსები შეუდარებლად თარგმნა კონსტანტინე ბალმონტმა და საოცარი სითბოთი აღწერა ამ ადამიანის ბიოგრაფია ყოველი წვრილმანით, რომლის კითხვისას შეიძლებია გაწითლდე კაცი და გასაკვირი არაა, ყელში მოწოლილი სიმწრით, ბუნდოვანი გუგუნი ჩაგესმას და ოდნავ დაბნეულადაც იგრძნო თავი. ასეთი განცდით შევყურებდი მეც ჩემს წინ მოციმციმე მაკინტოშის ეკრანს, რაზეც დიდი სიფრთხილით, მოხილვა ფიქრის, აკუტაგავას სიტყვებით მინდა დავიწყო:

„რომ შეექმნა სფინქსი, პომ შეისწავლა ანატომია, საიდუმლო რამაც მომავალი თაობები შეაძრწუნა ამ ცოდნაშია დაფლული“.

 ესე ედგარ ალან პოს შესახებ

სიზმრების დასალიერზე, აქედან ძალიან შორს იმ ადგილას, რასაც ოცნება ვეღარ სწვდება, სევდით შემუქებული კლდეებია. ოდესღაც ცას მომწყდარი. ცას, იმ უსასრულო ღია კოსმოსს, რომელიც მთელი ეს ჟამი მათ უკან დაბრუნებას ლამობს, ისეთი ძალით ქაჩავს ზემოთ.

კლდეების შიგნით კი,  მუდამ მშვიდი ტბა მძიმედაა ჩამდგარი და არვინ იცის რატომ არ ისმის იქ ადამიანის ხმა. იქ მხოლოდ ხილვადი სიჩუმეა და მრავლისმთქმელი მისი დუმილი, რასაც ვერავინ ახსნის და ვერც ვერავინ უძლებს დიდხანს... მაგრამ ზოგჯერ, ძალზე იშვიათად, რაღაც განსაკუთრებული ღამით, როცა იმედები ტანჯვის სანაცვლოდ შვებას აღწევენ და სიბნელე მოღუშულ კლდეებს, თავის მწუხრს გადააფარებს, უცნაურად შემაშფოთებელი ექო გაისმის ამ სიბნელეში - ჯადოსნური, როგორც სიხარულის წინათგრძნობა... მაგრამ ის უჩინარდება მყისვე, ჩრდილივით გადაივლის, მთვარის მქრქალ შუქზე გადაცურება და... მორჩა... ისევ სიჩუმე. შეყვარებულივით იქაურობას თავს არ ანებებს და იქ ივანებს სამუდამოდ..

არსებობს შემოქმედება. მოულოდნელობაში განფენილი, შეუღწეველი და შეუცნობელი სიღრმით, მაგრამ იმდენად საშინელი თავისი მშვენიერებით, რომ აღტაცებაში მოჰყავს ყოველი, როცა ის შეჰყურებს მას, თითქოს უეცრად, არსაიდან ან ყველაფრიდან, მიწისა და წყლის, ცეცხლისა და თუ ჰაერის გზაჯვარედინზე წარმომდგარ ზმანებას აჰყურებდეს და არაფერი ესმოდეს მისი ან უსასრულოდ მშობლიური იყოს მისთვის მისივე ხილვა.

დიდი სიღრმით და შეუვალობით ჟღერს ეს სახელი ედგარ პო. ედგარ ალან პო, როგორც ბოლომდე აუხსნელი შემოქმედების ის საიდუმლო, რაც ყოველთვის გაგაოგნებს და აგაფორიაქებს ისევე მტკივნეულად, როგორც უეცარი გამონათება რაღაც ყველაზე ძვერფასის და იმავე უეცრებაში გაქრობა მისი, რათა ამ მოულოდნელობაში გაჩნდეს „ლიგეა“ და „ანაბელ ლი“, ხოლო არქიტექტურული დახვეწილობის ლოგიკით დაიწეროს კაცის გოდება, რომლის სულს ყორანი დაეპატრონა.

გონების სიმაღლეებისა და სიღრემეების საგულდაგულოდ ჩარაზული კარი კი სწორედ ყველაზე ძვირფასის მფლობელმა, მაგრამ დაუნდობელი ბედისწერის ადამიანმა შეაღო, ვისაც საერთოდ არ იცნობდი, არა და, შენგან უნებურად და ოდნავ უცნაურად თითქოს რაღაც გეცნო თუ კი შენშიც გონების შეუცნობელის სადღაც იქ ამოუხსნელშიც ამ საიდუმლოს თუნდაც ყველაზე პატარა ნაწილი იმალება, უხილავ ძაფს წნავს შენს შინაგან აღქმასა და ედგარ პოს შორის. მაშინ, ალბათ, გაიგონებ მის მუსიკას და შენ, სული, ძალიან ახლოს იგრძნობ მის სუნთქვას, რომელიც შენ წინ გადაშლილი წიგნიდან მოდის, თანდათან ღრმავდება, ძლიერდება და ქარიშხალის სითამამით, განგაშითა და შფოთით ლეწავს ყოფიერებით სიყრუვეს.

ედგარ პომ შემმუსვრელი გონითა და გასაოცარი იუმორით აღმოფხვრა დაუდევარი უვიცობის, მისი მოუწესრიგებლობის მთავარი მიზეზი, რაც ადამიანში მყარადაა სობილი – მეტოქეობით ისედაც სავსე ცხოვრებაში არარეალურის ძიება. მიზეზი, რაც ყინავს ადამიანის შესაძლებლობებს, რათა ის ვერასდროს მიუახლოვდეს თავს, რადგან ყველაფერი რეალურია, ყველაფერი ნამდვილია, შესაძლოა ჯერ კიდევ შეუცნობელი, რომლისადმი შიშიც ჩაგვჩიჩინებს - არაფერია ქვეყნად ისეთი, რისი სრულქმნაც შეძლოს ადამიანმა, მაგრამ შეუცნობელის მიღმა მაინც არსებული, რასაც კაცი, ადამიანური კონფლიქტების გამო ვერ ხედავს, ვერ აღმოაჩენს. ედგარმა დაინახა, აღმოაჩინა... პირველმა! რადგან მისმა სტრიქონებმა, გულთმისნურად სრულყოფილმა სტრიქონებმა ერთადერთი სწორი კითხვა დასვეს – არა ის, რასაც აქამდე პასუხს ვერ უძებნიდა კაცი: „რატომ ვარ კონფლიქტში თავთან და ქვეყნიერებასთან“ - არამედ, რატომ უნდა არსებობდეს საერთოდ კონფლიქტი?! რის გამოც წინააღმდეგობრიობის ციხე-კოშკში დატყვევებული ადამიანი ხსნას მხოლოდ საკუთარ მისწარაფებებში ხედავს. ეს რბოლა, დევნაა, სიმყუდროვის გაუთავებელი და დაუქანცველი დევნა, რომ ამოსუნთქვა შეგეძლება და ტანჯვის თავიდან აცილება, ამიტომ ედგარ პოს ბოლომდე გაცნობიერებით ღრმა მწუხარება გეუფლება, რადგან არაფერია იქ ისეთი, „ფანტასტიკური“, რასაც თავად არ შეხვდე პირისპირ. ეს მწუხარება – მღელვარებაა, რაც ედგარმა თავში გაატარა – მღელვარება, რომელიც ადამიანთა საყოველთაო წუხილით იშვა – წარმავალი სიყვარულის შემთხვევითი გაელვებით.

„სფინქსი“, „მალსტრემში დანთქმა“, „შენ ხარ კაცი იგი“ და მრავალი, მრავალი სხვა, ცხოვრებისეული კანონზომიერებებითაა ნაშენი. ამაშია მისი ამოუწურაობა - ძალა, ბოლომდე რომ ჩაყავხარ კონფლიქტებით წარმოქმნილ დაპირისპირებებში, რომელთა შორის შეუცნობელისკენ მიმავალი გზა ედგარ პოს პროზაზე, მის პოეზიაზე გადის.

...ბინდი შეუმჩნევლად დაბლა ხრის ზეცას და მისი ნაღვლიანი მეწამული უსაზღვრო დარდით ათბობს კლდეებს. რაღაც უცნაური ნიშანია – სიმარტოვისთვის განწირულ დუმილს ნაპრალი უჩნდება... მაგრამ არა, არასდროს, ის არ გაიღებს ხმას. ის არავის გაანდობს თავს, იმ ჯადოსნური ექოს უბიწო განსასვენებელს, რომლის განსახებას ვეღარავინ შეეხება. უკვე ვეღარავინ. ნაპრალი ივსება. ღამდება. ტბაც უფრო მეტი იდუმალებით მშვიდდება, მაგრამ მისი ჩამთრევი ვნება სულ მუდამ ღვივის მის ფსკერზე, რომელიც ძვირფასი თვლებითაა მოფენილი და თითოეულ მათგანზე წერია - „მორელა“, „ბრბოს კაცი“, „წითელი სიკვდილის ნიღაბი“.

... ასე დაულევლად, სამუდამოდ – აღმოჩენების წინასწარგანუჭვრეტელობით ... და აქედან იწყება შარლ ბოდლერი, მალარმე, კონან დოილი, ჰერბეტ უელსი, სტივენსონი, ჟიულ ვერნი, ოსკარ უალდი, დოსტოევსკი, თომას მანი, უილიამ ფოლკნერი, მუსიკაში ცხადია ფლოიდისეული დარკ საიდი აღვინებს საქმეს და მათი განცდითი და ცნობიერებითი ნაკადიც, თავის საარსებო წყალსა და ღვინოს და საერთოდ ყველაფრის სათავეს ამ კლდეებიდან იღებს.

აქვე აბზაცი მონოლითურად მკაცრი „ბუდენბროკებიდან“.მცირედი გადახვევა. ჰანო ბუდენბროკი და მისი მეგობარი, გრაფი კაი მელნი, სკოლაში ღვთისმეტყველების მოსაწყენ გაკვეთილზე სხედან. კაის ედგარ პოს წიგნი აქვს გადაშლილი, შემდეგ ის იმ სიტყვებს ეუბნება ჰანოს, რასაც თომას მანმა, დიდი ოსტატისთვის დამახასიათებელი სიფაქიზით გაუსვა ხაზი: „რა სასწაულია ეს როდერიკ აშერი,“ უნებურად წამოიძახა მან. „მთელი გაკვეთილი თვალი ვერ მოვწყვიტე, ნეტავ კი ასეთი რამ როდესმე მეც დამაწერინა.“

უბადლო თომას მანიც ვერ ფარავს აღტაცებას და თავის გმირს წლების შემდეგ აუსრულებს ამ ნატვრას, როცა თავის დოქტორ ფაუსტუსს - ადრიან ლევერკიუნს შექმნის, „აშერთა ოჯახის დაქცევა“-თი ჩაგონებულს, ფრიდრიხ ნიცშეს ბიოგრაფიით დაჯავშნილს, მაგრამ ეს არაა მთავარი და არც ის, „უილიამ უილსონი“-ს გაორებული სილუეტით რომ შემოიხატა ივანე კარამაზოვის სახე ან „არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი“, რამაც გაგრძელება ჟიულ ვერნის ორტომიან რომანში ჰპოვა „ყინულის სფინქსი“ და რომელი ერთი... რომელი ერთი! ამაზე საგანგებოდ იწერება სტრიქონები, გვერდები, თავები, წიგნები და მის მიერვე აღმოჩენილი დედუქციური მეთოდი ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში დღემდე ისწავლება როგორც კრიმინალისტიკის ბრწყინვალე საფუძველი, დიდი საძირკველი. თუმცა როცა საქმე ედგარ პოს ეხება, სიტყვათმცოდნეობაც იქამდე მიდის, რაც ალქიმიისთვის ფილოსოფიური ქვაა, ფიზიკისთვის მეტაფიზიკურია, ფილოსოფიისთვის იდეაა, აქ კი მაინც რაღაც სხვაა, რაღაც უთქმელია, აქ ალბათ, სწორედ ისაა, რისი პასუხიც მხოლოდ სიჩუმემ იცის, იმ საოცარმა მდუმარებამ, რომლის წიაღში სტიქია ვერ აღწევს... და გვრჩება სიმარტოვე, მთლიანად ვინც და რაც გამოხრის ადამიანს. თუმცა სიმარტოვეში მოხვედრილს, მოგონებები არასდროს ტოვებენ, ისინი კაცს ეხმარებიან თავისი მარტოობა აიტანოს, გამხნევდეს. მათ ძალუძთ მთელი ცხოვრების ისე აღდგენა, რომ ეს შუალედი („ყოველდღიურობას“ რომ ვეძახით, რაც სიცოცხლისა და სიკვდილს შორის დარჩა, როცა ოდესღაც გაიყვნენ ისინი ერთმანეთისგან), რომელიც გადატკეპნილია ბრძოლითა და იმედების გაცრუებით, ღიმილითა და წყენით – ნანატრი სიხარულის მსუბუქი დაქროლვით გამოცოცხლდეს... მაგრამ დროებით, რადგან მოგონება, მაინც, გრძნობის ასლია, ხოლო ყოველ ახალ დღეს, ფარვითა თუ აშკარად, მუდამ სდევს გრძნობის ამწამინდელი რეალურობა – ძლიერი წინაღობა, რითიც გაიმარჯვა ედგარმა ათასწლეულებზე გაიმარჯვა– ძრწოლვა და თავგანწირვა, „მთხრებლი და ქანქარა“ „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი“ და თუ “MELLONTA TAUTA” და „EUREKA“ ან „შაჰრაზადას ათასმეორე ზღაპარი“ არა, სადღა იქნებოდა მისი თანაგრძნობა, რაც იშვიათად თუ განუცდია სიცოცხლეში ვინმესგან, რაც გაფხიზლებს „შავი კატა“-ს და „მესმერიული ზეშთაგონება’-ს წინაშე და გაკვირვებს „მარი როჟეს საიდუმლოება“-ს გახსნის დროს ... სუნთქვაგამშრალს ჩგესმის მისი პოეზია, მისი „ზარები“.

ო, რამდენი ძნელად მოსახილველი სივრცე განათდა ამ კაცის სულით – ნებისმიერი გრძნობადი აღქმისთვის უხილავი სივრცე, რომელთა არსებობა მანამდე არავინ იცოდა. უზენაესმა განსაკუთრებული ნდობით შემოსა იგი, რომლის სახელი ყოველთვის იბრწყინებს იმ თვალშეუდგამი სიმაღლიდან, რასაც მხოლოდ დიადი წამისას აღწევენ გენიალობის ზღურბლზე მდგარნი – როცა გადააბიჯებენ მას.

ღმერთო ჩემო, რამხელა პასუხისმგებლობაა.

...მალე ირიჟრაჟებს, რა უცებ გაქრა ეს ღამეც. ტბაზე უხმოდაა ნისლი გაწოლილი. დუმილი მშობლის ტკივილით გულში იხუტებს ამ საოცარ ადგილს და ცრემლნარევი თრთოლვით ეალერსება. შენ გული გწყდება. კი ასეა – გული გწყდება, რადგან ყველაფერი გასრულდა, ყველაფერი სიჩუმემ შეიფარა და ახლა მას NEVERMORE უდგას მცველად – გასაღები საიდუმლოსი, რაც სამყაროების განუჭვრეტელობის დამნახველია, საუკუნეებს გადაწვდენილი სიტყვის წამკითხველია, ჯადოსნური ექოა. გენიალურზე მაღლა წინასწარმეტყველურია! ედგარ ალან პო რასაც ეზიარა და ორმოცი წელი მიუსაფარად გაძლო ამ მიწაზე.

 დავით დეფი 1999 წელი აპრილი თბილისი ნიუ იორკი ბალტიმორი

 

მთვარის მზერისას რომ გამახსენდა The Raven

 

არ ვამბობდი, -- მინდა იქ! -- ვყვირი

Once upon a midnight dreary,

ზეცის ფონს ზევით ყვავილი ბევრი,

While I pondered, weak and weary,

 

ადის, ვითვლი, აისს, ბებერს,

Ah, distinctly I remember,

ვარსკვლავთ ქარნი მთისკენ ფენდნენ

It was in the bleak December,

 

საიქიოს მსტოვრებს გავდნენ,

Presently my soul grew stronger,

ზეცის დღეებიც მითია ზოგჯერ

Hasitating then no longer,

 

ზოგჯერ სიზმარიც სულს მართმევს პირით,

Deep into that darkness peering,

ან მამშვიდებს და მაინც ვყვირი, --

Long I stood ther wondering, fearing,

 

დღე საით მოფენს ღამედ სწორს,

Have I opened wide the door,

არქმევს მთებს და ნათლით ყოფს,

Darkness there and nothing more,

 

ბაკმი ენთო მთვარეს თოვლის,

Back into the chamber turning,

შემაცურა ნისლის ბორნით

All my soul within me burning,

 

მე ახალ ვარდს, ბინდიც მომფენს,

Let my heart be still a moment,

ბინდის ცისფერი -- ღმერთს ფლობს,

And this mystery explore,

 

მთელს მთის ზოლზე მარაოდ ეკიდნენ,

Tell this soul with sorrow laden,

ჩემი სუნთქვები, სამოთხეს ზეითკენ

If, within the distant Aiden,

 

გადაჰყვნენ, ანათდნენ, ჩრდილების მწკრივით,

And his eyes have all the seeming,

ღამისთვალება ცა მქონდეს რომ

Throws his shadow on the floor,

 

სული ავკიდო, ერთხელაც ავაბჯენ

That lies flooting on the floor,

ფიქრებს ღრუბლებზე შემოვდებ მრავალჯერ,

Nevermore, ოჰ -- nevermore!

 

David Dephy feat Edgar Allan Poe

 1 ივლისი 2008

 

P.S. 2011 წლის 19 ივნისს, უესტმინსტერის ტაძრის ბაღში - ედგარ პოს საფლავზე ყვავილები დავდე და ბარათი, ჩემი სამახსოვრო წარწერით. იქვე მე და ჩემმა მეგობარმა ლადო ძნელაძემ ლექსის ვიდეო გადავიღეთ და წამოსვლისას, როცა ედგარის სახლსაც უსიტყვოდ ჩავუარე და მზერა კედელს ავაყოლე, მხოლოდ შემდეგ, ნიუ იორკში დაბრუნებულმა, გვიანღამით, ან სულაც გამთენიისას აღმოვაჩინე რომ მთელი გზა, მერილენდის ბალტიმორიდან ნიუ იორკამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია და ჩემ სახესთან ძალიან ახლოს ვგრძნობდი რაღაც წარმოუდგენლად მშობლიურ სითბოს.

 დეფი♔სიახLOVE

 4 მარტი 2017