თანამდევი სული
29 მარტი, 2010
540
print

“ილია ჭავჭავაძე ამჟამად ოჯახთან ერთად იმყოფება საგურამოში,რაც ეცნობა დუშეთის მაზრის უფროსს მასზე ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ.”

თბილისის პოლიცემეისტერის რაპორტიდან

რამდენი წელია რუსეთში აღარ ყოფილა. თითქმის 10 წელია გასული. ბანკირების ყრილობა გამართულა იმპერიის ცენტრში და 1884 წლის იანვარში ილია ამის გამო გამგზავრებულა რუსეთს. რაც შეცვლილა ბოლო წლებში, ეს არის დრო მგზავრობისა და ილიას სტატუსი.

10 იანვრის შემდეგ წასულა. 18 იანვარს უკვე პეტერბურგიდან იწერება წერილს, ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ შეადაროთ, როცა სტუდენტობის დროს გაემგზავრა, თვენახევარი დასჭირდა პეტერბურგამდე ჩასვლას.

სტატუსს რაც შეეხება, პირდაპირ გაგეღიმება კაცს. 10 წლის წინ ბანკში პრაკტიკანტად რომ არ უშვებდნენ, ახლა დღის პირველი საათიდან ღამის 12 საათამდე სხდომებზე ზის და აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, ბანკების მუშაობის ფუნდამენტალურ პრინციპებს რომ ეხება. ილიას მოხსენება წიგნად გამოცემულ მოხსენებათა კრებულშიც იბეჭდება. 20 იანვრიდან 5 თებერვლამდე მთელი ნახევარი თვე ბოლომდე იხარჯება სხვადასხვა კომისიებში. მწერალი რომ არ იყოს, კაცი იფიქრებდა, მთელი ცხოვრება საფინანსო მეცნიერებების შესწავლაში გალიაო, იმდენად ღრმა და პროფესიულია მისი გამოსვლები.

სხვა მხრივ, არაფერი შეცვლილა. არც რუსეთი, არც ილია და, სხვათა შორის, არც ჯიბის კუტრობაზე ჩივილი.

იქურობას ისევ ისე ცივად და უსიყვარულოდ მოიხსენიებს, როგორც ეს 9-10 წლის წინ გამოგზავნილ წერილებში ხდებოდა და რაც მთავარია, 9 წლის მანძილზე ბანკის თავმჯდომარე, იოტისოდენა ფუფუნების უფლებას ვერ აძლევს თავს. ადრინდელი ვიზიტისგან განსხვავებით, ცოტა წინ კი წაუწევია, - მაგალითად, ოლღას სიხარულით აცნობებს, რომ იყიდა ჭურჭელი და მისთვის სამი საკაბე... მაგრამ არც ის ავიწყდება, რომ ოლღამ მაჩაბელს სთხოვოს ფულის შოვნა, შეიძლება მალე დამჭირდესო. აქ, პეტერბურგშიც ივანე მაჩაბლის ძმასთან, ვასოსთან არის დაბინავებული, რაც იმაზედ მეტყველებს, რომ წინა წელს მომხდარ მცირე უსიამოვნებას ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის მათ ურთიერთობაში დიდი ბზარი ვერ შეუტანია.

ილიას წერილიდან ჩანს, რომ სენო, ოლღას დისშვილი ვალებშია ჩავარდნილი. ეს ახალგაზრდა კაცი იქ ხელგაშლილ ცხოვრებას ეწევა.

პეტერბურგში შეიტყობს ილია, რომ მისი ახლახან გარდაცვლილი დის, ნინოს ქალიშვილი თხოვდება, მინდა მისი წერილიდან ერთი ამონარიდი გაგაცნოთ, ვინძლო წარმოვიდგინოთ ის მდუღარება გულისა, რომელსაც პირად გრძნობებეზე საუბრისას სიტყვაძვირი ილია მხოლოდ მეუღლეს თუ აღუწერს: “ამ სამი დღის წინად საგინოვის დეპეშა მომივიდა. ვიღაც პადპალკოვნიკი მაყაევი თხოულობს მაკოსაო. ძალიან მიამა, თუ, პირველი, მაკოს ჰსურს და, მეორე, თუ კაი კაცია, მე ჩემის მხრით ლოცვისა და კურთხევის მეტს ვერას შემოვუთვლი მაკოს. ღმერთმა აბედნიეროს.

საწყალი ჩემი და ნინო! ნეტავი ამას მოსწრებოდა. მაინც ვერ წარმოიდგენ, ოლიკოჯან, ჩემს ყოფას. დღე არ გავა, უბედური ჩემი ნინო არ მომაგონდეს და ტირილი არ დავიწყო. სულ თვალწინ მიდგა იმისი ჭკუიანი მშვიდობიანი და მოსიყვარულე სახე. მინამ ცოცხალი იყო, არ ვიცოდი, რომ ასე ძლიერ მიყვარდა, როცა გარდაიცვალა მაშინ შევიტყე. ეხლა ვგრძნობ რა დედაკაცი, რა საყვარელი დავკარგე. ღმერთმა საუკუნო განსვენება მისცეს, და რაც დღე იმას დააკლდა, ერთი ათასად შენ, ჩემო კარგო, ჩემს დას ლიზას, და უბედურს ნინოს შვილებს მიუმატოს. ცრემლი თვალებში მომიგუბდა და ვეღარ ვწერ.

გუშინ დავიწყე ეს წიგნი და ცრემლის გამო ვეღარ გავათავე.”

ამ “უმზეო ქვეყანაში” ილია მცირე ხნით ავად გამხდარა. ჩივის, ავადმყოფობის გამო ერთი “ზასედანია” გამიცდა, სადაც სიტყვა უნდა მეთქვაო. “რაც უნდა მეთქვა მერე დავწერე და დაიბეჭდა კიდეც ამ ორ დღეში სიეზდის ჟურნალში”-ო.

იწერება, შემიტყვეთ, რა კაცია მაკოს საქმროო. ნიშნობის შემდეგ ილიას დისწული მალევე გათხოვილა. ეტყობა, ილიას აცნობეს რა კაციც იყო სიძე და 19 თებერვალს სიამოვნებით იწერება: “ძალიან მიამა მაკოს გათხოვება და კაი კაცთან შეერთება. ღმერთმა აბედნიეროთ”.

ახლა ერთ დეტალზეც მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო. დიდი ადამიანები ჩვენს მეხსიერებაში ქანდაკებებივით არიან აღბეჭდილნი. ყოფითი წვრილმანები, შური, ნათესავების წაკინკლავება თითქოს მხოლოდ მოკვდავთა ხვედრია და დიდ ადამიანთა ყოფით წვრილმანებს თითქოს დიდი ფარდა აქვს ხოლმე ჩამოფარებული, არადა, მათი ცხოვრების დეტალები ამ მხრივადაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ითხოვს. ასე მაგალითად, არა მგონია უინტერესო იყოს ილიას კერძო წერილიდან ეს ამონაწერი - “მაჩაბელმა მოსწერა შენს დას ყველაფერი სენოს შესახებ, - წერს ილია ოლღას, - და პასუხიც მოუვიდა. ძალინ კარგად იფიქრე, რომ შენ მოერიდე მაგ საქმესა. მე სრულიად თანახმა ვარ შენის აზრისა ამის შესახებ. ჩემი ოლიკო ჩემზედ უფრო შორს დამნახავი ყოფილა, და უფრო რიგიანად გამგები და დამწყობი საქმისა. ძალიან კარგად მოახდინე, რომ ჩემს წიგნს არ დაუჯერე (სენოს ფუქსავატობაზე რომ იწერებოდა, ნ.გ.) და არ უთხარი შენს დას, რაც მოგწერე. ვინ იცის რას იფიქრებდა. ხომ ეჭვიანები არიან, და მას შემდეგ რაც ერთმანეთს გაუგრილდით, რწმენა არაფრისა ექნებათ ჩვენდამი. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ, როგორც სურდეთ, ისე მოაწყონ თავიანთი საქმეები, ოღონდ ჩვენზე ნუ აყაყანდებიან და ნუ შეგვეხებიან”...

ახლა სტაროსელსკი, ლიზო, მათი ვალებში ჩავარდნილი ბედოვლათი შვილი - სენო თავისთვის დავტოვოთ და ის ვიკითხოთ, რა ხდება ურედაქტოროდ დარჩენილ “ივერიაში”? კარგი არაფერი, 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა რედაქციას წერილით აცნობა, რედაქტორის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომერი შეაჩერეთო.

გაგულისებული ილია 10 მარტს საცენზურო კომიტეტს აცნობებს, ყიფშიძეს დავავალე ჟურნალის გამოშვებაო (იგულისხმებოდა, თქვენ ვინ გკითხავთ, ჩემს ჟურნალს ვინ მოამზადებს და გამოუშვებსო).

თავის მხრივ საცენზურო კომიტეტში ცინიკურ რეზოლუციას დაადებენ ილიას დეპეშას: “დეპეშა არასაკმარისია ჟურნალის გამოცემად”-ო. მოკლედ, შენს ჩამოსვლამდე ჟურნალს ვაჩერებთო, თითქოს ძალიან განიცდიდნენ ილიას აქ არ ყოფნას.

საცენზურო კომიტეტმა დონდუკოვ-კორსაკოვის დროში სულ აიშვა თავი. ლუკა ისარლოვი, ცენზორი, მთლად გამწარებული იყო. დადგა თუ არა 1884 წელი, იანვრის თვეში აკაკიმ ისეთი ლექსი უძღვნა, ლუკა ყველაზე ჯავრს იყრიდა. სასაცილო ის არის, რომ ეს ლექსი ცენზორისავე ნებართვით დაიბეჭდა. აკაკიმ ლუკას სახელი შეცვალა და ეს პედანტური გონების კაციც თავიდან ვითომ ვერაფერს მიხვდა, მერე როცა უცებ გავრცელდა ხმა ქალაქში, ლექსში ისარლოვი იგულისხმებაო, ლუკა რაღას იზამდა, ეპიგრამა უკვე გამოქვეყნებული იყო.

ეს ლუკა ისარლოვი ცენზორად მუშაობდა 1881-1888 წლებში. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის და ლევან მელიქიშვილის მეგობარი გიმნაზიიდან. მელიქიშვილმა დანიშნა ცენზორად, მაგრამ ისე იქცეოდა, მასაც აგინებდნენ და მის დამნიშნავსაც...

ისარლოვმა ამოყარა ილიას “აჩრდილიდან” საუკეთესო ადგილები, აკრძალა ილიას ლექსები: “მუშა”, “გაზაფხული”, “ელეგია”, “რა ვაკეთე, რას ვშვრებოდით”. აკაკის კიდევ უფრო მეტად ამწარებდა, მარტო ლექსებს კი არა, აკაკის გამოსვლებსაც კი კრძალავდა ხანდახან. ქართული პრესის ამ ჯალათზე ი. მანსვეტაშვილი წერდა: “ლუკა ნამდვილი ძველი დროის პოლიციელი იყო: გულით გაქვავებული, ჭკუით გამოფიტული, ვერც შენი წრფელი სიტყვა, ვერც შენი საღი სჯა, ვერც ხვეწნა და მუდარა, ვერ მიაღწევდა იმის გულსა და ტვინსა”. აკაკიც ადგა და გამწარებულმა დაუწერა:

“იყო ერთი მაიმუნი

ეძახოდნენ ლუკა-მელას; (პირვანდელ ვარიანტში ეწერა-”დუკა-მელას”, ნ.გ.)

ზურგს ეკიდა ქვეყნის წუნი

ულოკავდა ფეხებს ყველას.

კუდიანი, პაწაწინა,

სასაცილო რამე იყო.

ერთხელ საზრდო მოისუნა

და ქურდობას ხელი მიჰყო.

შეუტყეს და დაიჭირეს,

სულ კუდით ქვა ასროლიეს;

გაშოლტეს და აატირეს,

სული ხორცად დაულიეს,

დაუკეტეს ყველგან კარი,

აღარავინ მიიკარა;

შიმშილისგან კუჭგამხმარი

ტრიალებდა როგორც ჯარა.

აქეთ ეცა, იქით ეცა,

ვერას გახდა მაიმუნი;

მწუხარებამ გააბეცა,

დაემართა თურმე მუნი.

ერთს ყიზილბაშს შეეცოდა, (იგულისხმება ლ. მელიქიშვილი)

საპატრონოდ ხელი მიჰყო,-

მოსტყუვდა და არ იცოდა,

თუ რა საძაგელი იყო.

და რომ გაძღა მაიმუნი,

გამობრუნდა, მოისვენა,

შინაურებს დასდო წუნი,

ჩუმად იწყო მათი კბენა.

იკბინება ის პირმყრალი,

ის წუწკი და საძაგელი!

თურმე იმისი წამალი

სილაა და ზურგიელი.”

ზემოთ ვწერდით, ლუკა ვითომ ვერაფერს მიხვდაო, მაგრამ თავის ბიოგრაფიას როგორ ვერ ამოიკითხავდა, ძალიან კარგად იცოდა, ვის ეძღვნებოდა ეს ლექსი, თუმც ვერ აკრძალა. ხომ არ იტყოდა, ვკრძალავ იმიტომ, რომ მაიმუნში მე ვიგულისხმებიო. გამოქვეყნების შემდეგ კი გვიანღა იყო თითზე კბენანი.

აკაკის რას უზამდა, აკაკი არაფრის გამომცემელი მაშინ არ იყო, ლუკა სტეფანიჩმაც ილიაზე იყარა ჯავრი. სანამ თბილისში არ დაბრუნდება, “ივერია” შეაჩერეთო.

თავის მხრივ ილიაც იქიდან გამოქცევაზე იყო. მეუღლეს წერდა: “ვერ წარმოიდგენ რა რიგად მოიზიდება ჩემი გული შენსკენ და ჩემს ქვეყნისკენ, როგორც ბავშვი ისე ვნატრობ იმ დღეს, რომ მანდ წამოვიდე და ამ უგემურს, უფერულს, ცივსა და გულდახურულს ქვეყანას მოვშორდე.” ცოტა ხნის შემდეგ ისევ ხაზს უსვამს თავის “სიყვარულს” ამ ქვეყნისადმი: “ვერ წარმოიდგენ, რა რიგად შეწუხებული ვარ, რომ აქ ასე მიგვიანდება, ჩემი ხასიათი ხომ იცი; ისე მოღრუბლული ვარ, რომ ადამიანის დანახვაც კი მწყინს. სულ შინა ვგდივარ, როცა საქმეზედ არა ვარ. ვღრინავ და ვდრტვინავ, მაგრამ რას გავაწყობ? ვის რას გავაგონებ? საძაგელი ხალხია აქ და ეს ბანკის მოსაქმენი ხომ რაღა გითხრა, ცრუ ცრუზედ ზის და ცრუობით იოლას მიდის. სულ ხელში შემოგვყურებენ, აცა წავგლიჯოთ რამეო.”

ამინდი რომ ამინდია რუსეთში, იმის სიმბოლიზირებასაც კი ახდენს ილია: “აქ თითქმის გაზაფხული დადგა, თოვლი აღარა არის. მაგრამ ასეთი უგემური დღეებია, ასეთი წუმპეები დგას ქუჩაში, რომ ძაღლი გარეთ არ გაიგდება... ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.”

მარტის მეორე ნახევარში ილია საქართველოში წამოვიდა. 10 წლის წინ, როცა პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა, სიმამრი დახვდა გარდაცვლილი, ახლა ვეღარ ჩამოუსწრო ქვისლს. გარდაიცვალა დიმიტრი სტაროსელსკი, კავკასიის მთავარი სამმართველოს უფროსი. ქართველებს უყვარდათ ეს კაცი, თავადაც შეყვარებული საქართველოზე. 15 მარტს მის დაკრძალვაზე ილია არ იყო აქ, მაგრამ ძალიან თბილი გამოსათხოვარი უთქვამს აკაკი წერეთელს. მეორე დღეს, 16 მარტს “დროებაში” ქვეყნდება კორესპონდენცია - “დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკის დასაფლავება”, რომელშიც ჩართულია აკაკის სიტყვა. რამდენადაც სძულდათ საქართველოს გასარუსებლად ჩამოსული “სტუმრები”, იმდენადვე აფასებენ ჩვენი მოღვაწენი იმ თითო-ოროლა უცხოელ ჩინოვნიკს, ჩვენი ქვეყანა რომ შეიყვარეს. ახსოვდათ სტაროსელსკის თანადგომა თუ სკოლების გახსნის საქმეში, თუ რკინიგზის გაყვანაზე მხარდაჭერა, თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას მისი დიდი თავგამოდება. აკაკის გამოსათხოვარი სიტყვიდან: “საქართველოს მიწას დღეს ჩვენ გულმტკივნეულად ვაბარებთ განსვენებულის დიმიტრი სვიმონის ძის სტაროსელსკის გვამს და თვალცრემლიანნი ვამბობთ: “საუკუნოდ იყოს ხსენება მისიო!” და ვამბობთ განა მარტო ჩვენ აქა-მყოფნი, - არა, ამასვე განიმეორებს გულმტკივნეულად შავის ზღვიდამ დაწყებული კასპიის ზღვამდე, გულ-წრფელი, ჭეშმარიტების მაძიებელი ქართველობა, შესანიშნავი ეს არის, რომ ენით სხვა და გვარ-ტომობით გარეშეს, ჩვენ ვიგლოვთ როგორც საკუთარ ძმასა და თვისსა... განსვენებული იცნობდა ქართველობას და სინდისიანად ჰქონდა შესწავლილი ჩვენი მხარე და ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ სამართლიანი და წმინდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობა, ამას ვერ დაივიწყებს ვერასოდეს ქართველობა.”

1911 წელს იაკობ გოგებაშვილი წერილში “როგორ დაარსდა წერა-კითხვის საზოგადოება”, სათანადო პატივს მიაგებს დიმიტრი სტაროსელსკის და დასძენს, რომ მას უყვარდა “საქართველო როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახობრივი ბედნიერება მიანიჭა.”

ერთი სიტყვით, თავის დროზე თადეოზ გურამიშვილს თავისი უფროსი ქალიშვილი რუსისთვის ენანებოდა, მაგრამ სტაროსელსკი გამონაკლისი რუსის ჩინოვნიკი აღმოჩნდა, რომელმაც ისე შეიყვარა საქართველო, როგორც მეორე სამშობლო და სასახელო სიძეც გამოდგა.

ცენზურისაგან შეჩერებული “ივერიის” თებერვლის ნომერი 27 მარტს გამოვიდა. ჩანს ამ დროს ილია უკვე თბილისშია და ლუკა სტეპანიჩმაც ინება თანხმობა, რათა ჟურნალს დღის სინათლე ენახა.

თუმცა ერთ შარს მეორე მოჰყვა. ილია პეტერბურგში ყოფნის დროს ქართველ სტუდენტთა დეპუტაციას შეხვდა, არ ვიცით რა ილაპარაკა იმ შეხვედრაზე სტუდენტებთან, ის კი ვიცით, რომ 15 აპრილს პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძეზე დაწესდა ფარული მეთვალყურეობა...

“რადგან პოლიციის დეპარტამენტს აქვს ცნობები...ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანის საეჭვო პოლიტიკური საიმედოვნეობის შესახებ... გთხოვთ ... დააწესოთ აღნიშნულ პირებზე ფარული მეთვალყურეობა და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი წავა თქვენი მომსახურების რაიონიდან, მათ შესახებ აცნობოთ ადგილობრივ ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს.” ასეთი წერილი მიიღო თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა ზემდგომთაგან 1884 წლის 15 აპრილს.

ამ დღის შემდეგ გარდაცვალებამდე ილია, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ფარული მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მის ყოველ გადაადგილებას, თბილისიდან საგურამოშიც კი, ჟანდარმები დაწვრილებით აცნობებენ ერთმანეთს... ეს კი არა, როცა სახელმწიფო დუმის წევრი გახდება, იქ, პეტერბურგის სასტუმროშიც მიაკითხავს მსტოვარი ძალიან სასაცილო მისიით, თუმცა ეს მეოთხედი საუკუნის შემდეგ მოხდება და მერე გიამბობთ.

ახლა კი ილიას გერმანიიდან წერილებით გაცნობილი მწერალი ჩამოაკითხავს და მათი სახელები სამუდამოდ გადაეჯაჭვება ერთმანეთს.

არტურ ლაისტი თავის წიგნში “საქართველოს გული”, ილიას გაცნობის წლად 1885 წელს ასახელებს. “ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე და გავიცანი 1885 წელს, მაშინ პოეტი მხოლოდ 48 წლისა იყო”-ო. აქ ლაისტს უნებლიე შეცდომა მოსდის. სინამდვილეში 1884 წლის 31 მაისს ილია ზის და სადარბაზო ბარათებს უგზავნის საპატიო სტუმრებს - რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელს, გიორგი თუმანიშვილს, დავით ერისთავს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს, ეკატერინე გაბაშვილს, სხვა ქართველ მწერლებსა და მოღვაწეთ. ასე ხდებოდა ყოველთვის, ილია დიდ-დიდ ჩინოვნიკებს ძალიან იშვიათად ეპატიჟებოდა, მისი სტუმრები ლიტერატორები და მოღვაწენი იყვნენ ყოველთვის.

პარასკევსო, I ივნისს გეპატიჟებით “სადილად სამ საათზედ ჩემს სახლში მოწვეული მყავს: თქვენი პატივისმცემელი გერმანელი მწერალი არტურ ლეისტი. გთხოვთ თქვენც მობრძანდეთ”-ო.

(ლაისტს გერმანიაში უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა”მივიწყებული ქართული ლიტერატურა”. იცნობდა ილიას შემოქმედებას და განხილული ჰქონდა “კაცია-ადამიანი?!”)

მეორე დღეს. I ივნისს ილია მეგობრებთან ერთად რკინიგზის სადგურზე დახვდა მისივე მოწვევით ჩამოსულ სტუმარს.

სადილზე ილია იტყვის: “დღეს ჩვენს შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი, უცხო და სტუმარი მარტო იმით, რომ სხვიდამ მოსულია, ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია, ჩვენი თვისიანია, ამიტომაც ორ-ნაირად სასიხარულოა მისი ჩვენ შორის ყოფნა...

ბატონი არტურ ლეისტი ის კაცია, რომელმაც ჩვენდა სასახელოდ, კისრად იდო შუა კაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და ევროპას შორის...პირუთვნელი სიტყვა ბ-ნის ლეისტისა მოჰფენს მთელს განათლებულს ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადმე არის პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვიან და ამ პატარა სამოთხეში ჰცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ღმერთმა აცოცხლოს ბ-ნი ლეისტი” “(დროება”, 1884წ.5 ივნისი). საღამო ხანს “ვაზის ბაღში”, მტკვრის ნაპირას გადაინაცვლებენ. ახლა იქ გაგრძელდა პურობა და ლხინი. ლაისტმა უთხრა ილიას, “როცა მე თქვენს ლექსს “მტკვრის პირზედ” ნემეცურად ვთარგმნიდი, -მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, თუ იმავ მტკვრის პირზე მე თქვენთან ერთად ნადიმად ჯდომა მომიხდებოდაო.”

ორი კვირის შემდეგ საპატიო სტუმარი საგურამოში მიიწვია. საგურამოში ლაისტის პირველი ჩასვლის სურათიც შემოგვინახა ეკატერინე გაბაშვილმა და თვით არტურ ლაისტმა.

ეკატერინე, რომელიც, როგორც ჩანს, დააიმედეს, სტუმართა შორის ქალებიც იქნებიანო, იგონებს: “პირზე სიხარულის ღიმილი გამეშალა, როცა დარაზმული კნეინების მაგივრად დავინახე გოგებაშვილი, ცხვედაძე, მიქელაძე, ჭყონია, სარაჯიშვილი, თაყაიშვილი და არც ერთი ქალი! დიახ, არც ერთი ქალის ჭაჭანება! ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ აკაკი შემოვიდა და თავის დემონური ღიმილით ამათვალ-ჩამათვალიერა... შემდეგ სუფრაზე დასხდომის ცერემონია დაიწყო: სუფრის თავს ოლღა, იმის მარჯვნივ სტუმარი ლეისტი, მარცხნივ მე და ჩემს გვერდით აკაკი, სუფრის ბოლოს ილია იჯდა წარბ-შეკრული.”

ეს პატარა ჩანაწერი უნიჭიერესი მწერალი ქალისა სავსეა სწორედ ქალური ქვეტექსტებით...

გაიხსენეთ მისი პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ დუშეთის მოსამართლე ილიასთან, როგორი ფანატიკური სიყვარული აქვს გამოხატული ილიასადმი...გაიხსენეთ აკაკის ხასიათი, როგორ ეტრფის სილამაზეს და ფუტკარივით უყვარს ყვავილიდან ყვავილზე გადაფრენა... და ესეც სუფრაზე გათამაშებული ინტრიგის დასკვნა - “სუფრის ბოლოს ილია იჯდა წარბ-შეკრული...” პურობის შემდეგ ნაწყენი ილია ეკატერინეს შეგნებულად უარს ეტყვის სახლში გაცილებაზე….

არტურ ლაისტიც იგონებს ილიასთან პირევლ შეხვედრას ჯერ თბილისში, შემდეგ საგურამოში ასვლას.

იმთავითვე ილია და აკაკი გამოურჩევია. “მე მაშინ ჩვენი გაცნობის პირველ დღესვე, უკვე მივხვდი, რომ ეს ორი მწერალი განასახიერებდა მთელ მაშინდელ გონებრივ ცხოვრებას საქართველოსას.”

საგურამოში პირველად ასული ლაისტის მოგონებიდან კი საინტერესო საგურამოს სახლ-კარის აღწერაა. “1885 წელს, როცა საგურამოში პირველად ჩავედი, (როგორც ითქვა ეს თარიღი სწორი არ არის, ნ.გ.) ილიას ოთხოთახიანი პატარა სახლი ძველთაძველ ბინას მოგაგონებდათ.” ასე რომ, ის სახლი, რომელიც დღეს დგას საგურამოში, ილიას ხანში შესვლამდე არ ჰქონია. მისი აშენება 1892 წელს დაიწყო და 1895 წელს დაამთავრა.

ლაისტი მხოლოდ ერთ თვეს დაჰყოფს საქართველოში, მაგრამ მომდევნო 1885 წელს კვლავ დაბრუნდება. სამუდამოდ აქ დარჩება და ილიას უახლოესი მეგობარი გახდება. ახლა ის პირველად არის საგურამოში, სხვათაშორის 23 წლის შემდეგ, 1907 წელს ლაისტი იქნება უკანასკნელი სტუმარი, რომელსაც ილია უმასპინძლებს. 27 აგვისტოს ერთად წამოვლენ საგურამოდან, სამ დღეში კი იქ ილიას ცხედარს მიასვენებენ...

ილია თითქმის ყოველ შაბათ-კვირას საგურამოში ატარებს. ოლღა ძირითადად იქ ცხოვრობს. ეს რომ ლაისტს მასპინძლობს, 7 ივნისს “ნოვოე ობოზრენიეში” ვიღაც ამატუნი პრეტენზიულად იგესლება ბანკში ქართველ-სომეხთა ურთიერთობის საკითხებზე. ილია პასუხს არ დაუგვიანებს და ეს ამატუნიც მალევე მორჩება თავის ამაო ტუტუნს. ილია ხელმძღვანელობს ქართველიშვილისეულ “ვეფხისტყაოსნის” გამოცემის კომისიას.

ჯერ იცის თუ არა ვერ ვიტყვით, მაგრამ მის ყველა გადაადგილებას ერთი ჟანდარმი აცნობებს მეორე ჟანდარმს.

მე მგონი, ამ მხრივ ჟანდარმებს შრომა ცოტა შეუმსუბუქდათ. დეკემბრის თვეში საგურამოდან ოლღა ჩამოჰყავს და საცხოვრებლად გადადის ნიკოლოზის ქუჩაზე, თავისი დისა და სიძის, საგინაშვილის ახლად შეძენილ ბინაში.

ესეც ჩვენი დიდი ბანკირი და მემამულე. ცოლ-ქმარი სტუდენტებივით ილიას დას შეხიზვნიან. “ილია და კნეინა ოლღა პირდაპირ საგურამოდან გადმოსახლდნენო,” - დაწერს მოგონებაში ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისა.

30 ნოემბერს ილია დაესწრო თბილისში მცხოვრებ ფრანგთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოს. აქ ბრძანდებოდა საფრანგეთის კონსული მეიერი. წარმოდგენის შემდეგ იგი მიიწვიეს იქვე “დროების” რედაქციაში, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახლში იყო განთავსებული. უმასპინძლეს ხილითა და ტკბილეულით. ფრანგ კონსულს მის მშობლიურ ენაზე მიმართავდნენ ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, დავით ერისთავი, იონა მეუნარგია, ბოლოს ილიას პატარა სიტყვაც უთარგმნეს კონსულს.

“ილიამ შეაქო საფრანგეთი, - იგონებს გრ. ყიფშიძე, - მისი ძლიერება, ჭკუა და ხელოვნება მისთა შვილთა, თავგამოდება მის სამშობლოსი ჩაგრულ ერთათვის და მერე ასე დააბოლოვა: ძლიერია და მტკიცე მუხა, ფართოდ ფოთოლ-გაშლილი, თავ-კარავიანი, რომ მის მახლობლად პატარა იაცა ჰყვაოდეს. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ ტურფაა, როგორც ია, როგორც გაზაფხულის ყვავილი და ჩვენი ნატვრა მხოლოდ ის არის, რომ იცოცხლოს დიდის მუხის მახლობლად უვნებლად, თავისუფლადაო. მსმენელები აღტაცებაში მოვიდნენ. ზოგს, მეტადრე ქალებს, ცრემლები მოადგათ თვალებზედ.

ნიკოლაძემ უთარგმნა კონსულს და იმასაც ნელ-ნელა გაეხსნა ნაოჭად შეკრული შუბლი, ღიმილი შეუთამაშდა ტუჩებზედ და ბოლოს ისე გაუბრწყინდა სახე, რომ სულ ნათელი გადასდიოდა. კონსული დიდად მადლობელი და კმაყოფილი წავიდა ამ პატარა პოლიტიკური ბანკეტიდან.”

მას შემდეგ 125 წელი გავიდა და, ვაგლახ, ისევ იგივეს გამეორება გვიწევს მადლობით და კმაყოფილებით წასულ კონსულებთან...

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება.

დასაწყისი ¹¹20-62

 1884

გაგრძელება შემდეგ ნომერში